ყველა გზა, რომლის გავლითაც კომპანია შეიძლება ხეობაში აღმოჩნდეს, არის გადაკეტილი,- ამის შესახებ „რიონის ხეობის მცველების“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებმა დამატებითი კარავი, სოფელ სორმონში გაშალეს.
ჰესის მოწინააღმდეგეების თქმით, აღნიშნული გზით ხეობა „მწვანეყვავილას“ დასახლებას უერთდება, საიდანაც ხეობაში კომპანიის თანამშრომლები შედიოდნენ.
იმისთვის, რომ მოხდეს მათი გადაადგილების გაკონტროლება, ტერიტორიაზე კარვები გაიშალა.
„კომპანიამ ამასობაში ეს ალტერნატიული გზა გამოძებნა და „პიკაპებით“ ხდებოდა ხეობაში გადაადგილება, ეს არის „მწვანე ყვავილას“ გზა და აქაც გადავკეტეთ ახლა. აქ მცხოვრებლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ გზის ამ ნაწილის დაკეტვაში თავად მიიღებდნენ მონაწილეობას, სოლიდარობა გამოგვიცხადეს და ლეგიტიმაცია რომ მივცეთ ამ ადგილს, როგორც ჩვენს ერთ-ერთ ლოკაციას, მოვედით და ვშლით კარავს. გამოირიცხა შესაძლებლობა, რომ რომელიმე გზიდან შევიდეს კომპანია ხეობაში. ამ ადგილიდან სპეცტექნიკა ისედაც ვერ შევა, ფიზიკურად ვერ გაეტევა, ვიწრო გზა არის, მაგრამ დადიოდნენ პატარა სატრანსპორტო საშუალებებით, მუშახელი შეყავდათ ალბათ“, - განაცხადა გოლეთიანმა.
მისივე თქმით, გზა ისევ გადაკეტილი რჩება ასევე „გუმათჰესთან“ და კომპანიის ბაზასთან.