მტერმა საკუთარი გეგმების განხორციელება ვერ შეძლო, ამიტომ მშვიდობიან მოსახლეობას ესვრის, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა პრეზიდენტის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მტერმა ვერ განახორციელა საკუთარი გეგმები და ამიტომ, სამწუხაროდ, იწყებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მისამართით სროლას. ისვრიან საბავშვო ბაღების, საავადმყოფოების, საცხოვრებელი კორპუსების მიმართულებით, ესვრიან სასწრაფო დახმარების მანქანებს და ავტობუსებს, რომლებსაც ბავშვები გადაჰყავთ. ამ დანაშაულებისთვის რუსეთის სარდლობას აუცილებლად ელოდება ტრიბუნალი. უკრაინელი ბავშვების მკვლელობისთვის მტერი აუცილებლად დაისჯება. უკრაინა არ აპატიებს“, – განაცხადა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობას არ ესმის, რომ ისინი იბრძვიან არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებულ ძალების, არამედ მთელი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობა რჩება კიევში და აგრძელებს მუშაობას.