საქართველოს მთავრობამ არ დააკმაყოფილა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნა რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოების შეწყვეტის თაობაზე. ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხეობაში დარჩება პოლიციელების შემცირებული რაოდენობა და აქციის მონაწილეებს მათთან კოორდინაციით კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა ექნებათ.
საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი „ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.
საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია „ენკასთან“. პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.
კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.
კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში.