„დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია მთავრობის ადმინისტრაციასთან დააკავეს. მან კანცელარიის შენობას კეტჩუპი შეასხა და ბრინჯი შეაყარა.
ელენე ხოშტარიამ აღნიშნულით გააპროტესტა, ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთში.
„იმ ფონზე, როდესაც უკრაინელები საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ მათ შორის, ჩვენ სახელმწიფოს, ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს უსაფრთხოებას, აი, ამ მთავრობაში არალეგიტიმურად მჯდომი ხალხი და პირდაპირ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსებთან იმისთვის, რომ პრაქტიკულად, სანქციების ხვრელი გახდეს საქართველო. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ ყველამ, მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად ახლა ვზრუნავდეთ, რომ მოეხრჩოს რუსული ეკონომიკა, რადგან ეს არის ბოროტების საყრდენი, აქ აწარმოებენ მოლაპარაკებებს იმაზე, რომ კომფორტი შეუქმნან რუსულ ეკონომიკას და თურმე საქართველოს პროდუქცია უნდა გავიდეს რუსულ ბაზარზე. აი, ასეთ შეურაცხყოფას აყენებენ ჩვენ სახელმწიფოს „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები, რაც არის პირდაპირ ღიად რუსულ სამყაროში ყოფნა. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს უკრაინელები იბრძვიან და ხვალ უკრაინა იქნება ყველაზე აყვავებული ადგილი, სადაც მთელი მსოფლიოს რესურსები იქნება მობილიზებული და სადაც, არის ჩვენი პერსპექტივაც. მთავრობა არის უღირსი, ჩვენ არ ვართ უღირსი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ დაკავებამდე გამართულ ბრიფინგზე.
როგორც ცნობილია, ასევე დაკავებულია „დროას“ რამდენიმე წევრი. დაკავების შესახებ ინფორმაცია ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელშიც გაავრელა და დაწერა: „კანცელარიას შევასხი რუსული კეჩუპი და დავყარეთ რუსული ბრინჯი. დამიჭირეს. თქვენც მიდით დაყარეთ“.
ცნობისთვის, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი რუსეთთან რძის პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავდა. როგორც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის დეტალები რუსულმა მედიამ გაასაჯაროვა, სადაც საქართველოს სოფლის მეორნეობის სამინისტრომ ქართულ კომპანიებს რუსეთში რძის პროდუქტების შეტანის უფლება მისცა.
მოგვიანებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქართული აგრარული პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტის გაზრდის უზრუნველსაყოფად, აქტიური მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ ქვეყანასთან, მათ შორის, ერთი კვირის წინ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები საუდის არაბეთთან. 2020 წლიდან კი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში.