საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილებით, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა განისაზღვრა.
საქართველოს მთავრობის N361 დადგენილების თანახმად, რომელიც 2024 წლის 23 ოქტომბერს გამოიცა და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა, დაზუსტდა ის სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელთა ხელში ჩაგდება ან ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულით დასჯადია.
სტრატეგიულ და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაშია პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციული შენობები, უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციული შენობები, საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული შენობები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის შენობები, პროკურატურის სისტემის შენობები, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ადმინისტრაციული შენობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამსახურის ადმინისტრაციული შენობა, ეროვნული ბანკი, საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა, საპატრიარქო, სასაზღვრო გამტარი პუნქტი, საზღვრის დაცვის ინფრასტრუქტურა და ობიექტი, ნავთობისა და ბუნებრივი აირის საცავი ტერმინალი, გაზსაცავი, გაზის გამანაწილებელი ობიექტი, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა, გაზშემკრები სადგური, ნავთობ და გაზის გადამამუშავებელი ობიექტი, მისი საწარმოო სიმძლავრის მიუხედავად, მაღალი ძაბვის ქვესადგური (110 კვ და მეტი) ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების მართვის ობიექტი და სისტემა, იმ საწარმოების შენობა-ნაგებობები, რომლებიც იყენებენ რადიოაქტიურ ან/და ტოკსიკური ნივთიერებებს, სახელმწიფოს ან სამობილიზაციო რეზერვის სასაწყობო შენობა-ნაგებობა ან სათავსი.
სტაციონალური სამედიცინო დაწესებულება, ბიოუსაფრთხოების პირველი ან მეორე დონის მქონე ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები, რომლებიც აწარმოებენ დაკვირვებებსა და კვლევებს, განსაკუთრებულად საშიში ინფექციების და საშიშ ინფექციურ დაავადებებზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობა, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობა, „საქართველოს ტელერადიოცენტრისა“ და მაუწყებლებების შენობა-ნაგებობა, სამაუწყებლო და ელექტრონული კომუნიკაციების ყველა სახის ანძა, ნავსადგურის ტერიტორია და აკვატორია (ნავმისადგომები, ტერმინალები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, სტაციონარული საზღვაო სანავიგაციო ნიშნები, შესასვლელი არხი), რკინიგზა, რკინიგზის სადგური და სხვა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობა, მაგისტრალური ნავთობსადენი, გაზსადენი და წყალსადენი, მეტროპოლიტენი, აეროპორტის ტერიტორია.
საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულ დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის (ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის დაწესებულების ანდა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთის ვადით ორ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის – ისჯება გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთ წლამდე. ) ან/და 330-ე მუხლის (სტრატეგიული ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ) მიზნების გამოყენებისთვის, დამტკიცდეს თანდართული სტრატეგიული ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ნუსხა.