თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძიე ფეისბუქპოსტში ქვეყანაში მიმდინარე ეპიდსიტუაციაზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ინტერესი სადღეისოდ განსაკუთრებით მაღალია ე.წ. ინდური (Delta) და ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამების მიმართ.
მისივე განმარტებით, სადღეისოდ ე.წ. ინდური შტამი გავრცელებულია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში და არსებობს საქართველოში მისი გავრცელების სერიოზული რისკი.
"სულ ახლახან იგი დაუდასტურდა საქართველოში მყოფ ხუთ კოვიდპაციენტს, რომელთაგან ორი საქართველოს, ხოლო სამი უცხოეთის მოქალაქეა. ე.წ. ინდური შტამის თავისებურებები, რომელიც მას განასხვავებს სხვა შტამებისგან ჯერ კარგად შესწავლილი არ არის და კვლევის პროცესშია. წინასწარი მონაცემებით, მას შეიძლება ახასიათებდეს შემდეგი თვისებები:
ე.წ. ინდურ შტამს სავარაუდოდ ახასიათებს ჩვეულებრივ სტანდარტულ (ჩინურ) შტამთან შედარებით უფრო მაღალი გადამდებლობა და შესაბამისად უფრო სწრაფად გავრცელების უნარი.
ე.წ. ინდური შტამი სავარაუდოდ სტანდარტულთან (ჩინურთან) შედარებით უფრო მეტად ასნებოვნებს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირებს. შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს იმით, რომ ამ კატეგორიის ადამიანებში ვაქცინაციის პროცენტი ბევრად დაბალია."- აღნიშნავს ცერცვაძე.
მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, ე.წ. ინდური შტამი ექსპერიმენტულ ცხოველებში იწვევდა სტანდარტულ (ჩინურ) შტამთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას, თუმცა რამდენად ვრცელდება ეს ადამიანებზე დადგენილი არ არის. COVID გადატანილ პირებში შეძენილი იმუნიტეტი იცავს ე.წ. ინდური შტამისგანაც, მაგრამ სავარაუდოდ ნაკლებად.
"დღეს არსებული ვაქცინებიც ასევე პოტენციურად შედარებით ნაკლებად იცავენ ე.წ. ინდური შტამისგან, თუმცა ახლახან აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინა ე.წ. ბრიტანული შტამისგან იცავს 93%-ით, ხოლო ე.წ. ინდური შტამისგან – 88%-ით.
COVID-19-ის საწინააღმდეგოდ გამოყენებული მონოკლონური ანტისხეულებიც პოტენციურად შედარებით ნაკლებად ეფექტიანია ე.წ. ინდური შტამის მიმართ.
სულ ახლახანს ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამი დაუდასტურდა საქართველოს ერთ მოქალაქეს. სხვა შემთხვევები ჯერ დაფიქსირებული არ არის.
ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამის თავისებურებებიც ჯერ ბოლომდე კარგად შესწავლილი არ არის და კვლევის პროცესშია. წინასწარი მონაცემებით მას შესაძლებელია ახასიათებდეს შემდეგი თვისებები:
დადასტურებულია, რომ ე.წ. სამხრეთ აფრიკულ (Beta) შტამს ახასიათებს ჩვეულებრივ სტანდარტულ (ჩინურ) შტამთან შედარებით უფრო მაღალი (დაახლოებით 50%-ით) გადამდებლობა და შესაბამისად, უფრო სწრაფად გავრცელების უნარი.
ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამით გამოწვეული დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობასთან დაკავშირებით დადასტურებული მონაცემები ჯერ არ არსებობს.
COVID გადატანილ პირებში შეძენილი იმუნიტეტი, ისევე როგორც კონვალესცენტის პლაზმა, ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამისგან შედარებით (ზომიერად) ნაკლებად იცავს, ვიდრე სხვა შტამებისგან.
დღეს არსებული ვაქცინებიც ასევე შედარებით (ზომიერად) ნაკლებად იცავენ ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამისგან, ვიდრე სხვა შტამებისგან.
COVID-19-ის საწინააღმდეგოდ გამოყენებული მონოკლონური ანტისხეულებიც გაცილებით ნაკლებად ეფექტიანია ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ. გამონაკლისი შეიძლება იყოს კომპანია Regeron-ის მიერ წარმოებული მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილი.
ე.წ. ინდური (Delta) და ე.წ. სამხრეთ აფრი კული (Beta) შტამებით გამოწვეული COVID-19-ის პრევენციისთვის და მკურნალობისთვის რაიმე განსაკუთრებულს ვერ გავაკეთებთ. ერთადერთი უნდა გავაძლიეროთ სიფხიზლე და უფრო მკაცრად დავიცვათ არსებული რეგულაციები – პირველ რიგში პირბადეების ტარება და თავის არიდება ხალხმრავალი შეკრებებისგან. შესაბამისმა სტრუქტურებმა და მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა შეძლებისამებრ თავიდან ავირიდოთ ე.წ. ინდური და განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის საქართველოში გავრცელება – კერძოდ ეპიდკონტროლის გამკაცრება იმ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებზე, სადაც ეს შტამები გავრცელებულია“,- აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე ფეისბუქპოსტში."- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.