ბოლო ცნობებით, 70 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა სუმის ოლქში. რუსულმა ძალებმა უკრაინულ სამხედრო ნაწილს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს რუსულ მხარესაც. ბოლო ოთხ დღეში დაღუპული და დაჭრილი რუსი ოკუპანტების რიცხვმა 5 300-ს გადააჭარბა. ტყვედ არის აყვანილი ასობით ჯარისკაცი და ოფიცერი.
რუსული ჯარების მიერ ქალაქ ხერსონზე შეტევა დაიწყეს, ოკუპანტები იერიშს ქალაქის აეროპორტის მხრიდან ახორციელებს. ხერსონის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქი გარშემორტყმულია რუსული ჯარით. ოკუპანტებმა შესასვლელებთან საგუშაგოები მოაწყვეს. ხერსონში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა მთელი ღამის განმავლობაში.
განგაშის სიგნალები ისმის ბილა-ცერკვასა და კიევში. სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებში ჩანს, რომ კიევთან ახლოს მყოფი რუსული სამხედრო კოლონა 64 კილომეტრი სიგრძისაა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, შეტევა კიევზე განახლდა.
ღამით, რამზან კადიროვმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს როგორ მიემართება შეიარაღებით დატვირთული ტექნიკა უკრაინის მიმართულებით.
რაც შეეხება უკრაინის დანაკარგს ბოლო ინფორმაციით, რუსული სამხედრო ინტერვენციის შედეგად, სამხედრო შეჭრის დაწყებიდან დღემდე 2 040 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის 45 ბავშვი. ომს ემსხვერპლა 352 მოქალაქე, მათგან 16 ბავშვია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, იერიშის მიუხედავად რუსები კარგავენ თავდასხმით პოტენციალს. მათ ვერ შეძლეს წარმატების მიღწევა ვერც ერთ მიმართულებაზე. ასევე გენშტაბის ვარაუდით გაუარესებული კლიმატური პირობების გამო, შავი ზღვის აკვატორიაში საზღვაო-სადესანტო ოპერაციის განხორციელება მომდევნო დღეებში ნაკლებად არის მოსალოდნელი.
ცოტა ხნის წინ, უკრაინაში ილონ მასკის კომპანია "სფეის იქსის" მოწყობილობები ჩაიტანეს. აპარატურა მომხმარებლებისთვის სატელიტების მეშვეობით მაღალი სიჩქარის ინტერნეტს უზრუნველყოფს.
გაეროს მონაცემებით, უკრაინის მეზობელ ქვეყნებში უკვე 620 ათასზე მეტი ლტოლვილი გადავიდა.
უკრაინის დასაცავად ლეგიონში ჩაწერის მსურველებისთვის ვოლოდიმირ ზენელნსკიმ უვიზო რეჟიმი აამოქმედა.