მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შესახებ კონკურენციის სააგენტოში უკვე სამი განაცხადი დარეგისტრირდა, – ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, დარეგისტრირებული განაცხადებიდან ერთი ონლაინვაჭრობას ეხებოდა, ორი კი ფიზიკური ვაჭრობის შემთხვევას.
„ეს იყო ტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენი გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით და განიხილავს საჩივრების დასაშვებობას. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყოველთვიურად გამოვაქვეყნებთ სტატისტიკას განაცხადების რაოდენობის, შინაარსისა და გეორგაფიის შესახებ, რათა მოქალაქეები ინფორმირებული იყვნენ, როგორ ხდება განაცხადების მიღება“, – განაცხადა ლექვინაძემ.
მისივე თქმით, უკვე მოქმედებს ცხელი ხაზი, ასევე, არის სპეციალური ელექტრონული მისამართი, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მიმართვის გაკეთება.
„დადგენილი ფორმა განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე, მომხმარებელმა რა ინფორმაცია უნდა წარადგინოს, რომ საქმის წარმოება დაიწყოს. განაცხადი მოიცავს რამდენიმე მონაცემს, მოვაჭრის დასახელებას, განმცხადებლის ძირითად მონაცემებს, პრობლემის აღწერას და არსებობის შემთვევაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოადგენას – სქრინები, ვიდეო-ფოტო მასალა, რომელიც ასახავს ამ პროდუქტის თუ საქონლის მუშაობის პროცესში გამოვლენილ ხარვეზს.
განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში კონკურენციის ეროვნული სააგენტო განიხილავს ამ განაცხადის დასაშვებობას. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს ერთი თვის ვადა. ერთი თვის ვადაში უნდა განვიხილოთ საკითხი და მივიღოთ გადაწყვეტილება, ჰქონდა დარღვევას ადგილი ან არ ჰქონდა. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მოქალაქე მართალია და დარღვევა უფიქსირდება, პირველ ეტაპზე მოვაჭრეს ვაფრთხილებთ, რომ დაგიდგინდათ დარღვევა და გონივრულ ვადაში მოქალაქესთან მიმართებით აღმოვფხვრათ აღნიშნული პრობლემა. გონივრულ ვადაში თუ საკითხის მოგვარება არ ხდება, ასეთ შემთხვევაში განსაზღვრულია საჯარიმო სანქციები, ჯარიმა მოიცავს კომპანიის წინა წლის ფინანსური ბრუნვის 2%-მდე მაჩვენებელს, რაც საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია. ნებისმიერი კომპანია ეცდება, მოქალაქესთან მიმართვაში იყოს კომპრომისული და საკითხი მოგვარდეს, რათა ამას უფრო მძიმე შედეგი არ მოჰყვეს.
ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში როდესაც მოდის ადამიანი პრეტენზიის დასაფიქსირებლად და ეს ეხება არა მხოლოდ ერთ ადამიანს, არამედ უფრო ფართო ჯგუფს, მაგალითად ტექნიკის ყიდვის შემთხვევაში, თუ აღმოვაჩინეთ ქარხნული წუნი, ესეთი ტიპის საკითხები იქნება შესწავლის საგანი. ერთ კონკრეტულ მოქალაქეს თუ ეხება და არ ფარავს სხვა მოქალაქეების ჯგუფურ ინტერესს, კონკურენციის ეროვნული სააგენტო არ არის ვალდებული მსგავსი ტიპის საკითხის შესწავლა დაიწყოს.
ჩვენი გადწყვეტილების შემდეგ, თუ მოვაჭრეც და მოქალაქეც არ ეთანხმება ჩვენს გადაწყვეტილებას, შეუძლიათ, მიმართონ სასამართლოს და იქ გააგრძელონ დავა.
კანონის მიზანია, მაქსიმალურად დაიცვას მოხმარების ინტერესები და ჩვენი მიზანიც არის ის, რომ ყველა მოქალაქის ინტერესი იყოს დაცული, ყველა მოვაჭრე ფიზიკური თუ იურიდიული პირი, იყოს მაქსიმალურად ინფორმირებული აღნიშნული კანონის ძირითადი უფლებების შესახებ, რომ დარღვევების პრევენცია მოვახდინოთ“, – განაცხდა ლექვინაძემ.