მოლდოვის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა არ დაუშვას, რომ არაღიარებული დნესტრისპირეთი უკრაინას დაემუქროს, – ამის შესახებ, უკრაინული მედიის ცნობით, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყველა მოვლენას დნესტრისპირეთში და არ ვხედავთ რამე საფრთხეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა არ მივცეთ საშუალება ამ სეპარატისტულ რეგიონს, შექმნას საფრთხე უკრაინისა და მოლდოვისთვის. უკრაინამ და მოლდოვამ უნდა შეინარჩუნონ რეგულარული დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე, რომლებსაც გავლენა აქვთ ჩვენს სახელმწიფოებზე. ჩვენ შევთანხმდით ერთად მუშაობაზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად და პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა მაია სანდუმ.
მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, თუ გაჩნდება რამე, რაც შეშფოთების მიზეზი იქნება, მოლდოვა მიიღებს ზომებს და პარტნიორებს მიაწვდის ინფორმაციას.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი არაღიარებული დნესტრისპირეთიდან უკრაინაზე დარტყმების მცდელობებს უპასუხებს.
„დღეს ჩვენ დავაყენეთ საკითხი რისკების შესახებ. თუ ისინი იქნება, მე მიმაჩნია, რომ ეს გლობალური შეცდომაა. ჩვენ ამა თუ იმ სიგნალებს ვიღებთ, ისინი არასასიამოვნოა. თუმცა, ამ ადამიანებმა მოლდოვის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან უნდა იცოდნენ, რომ ეს ჩვენთვის იქნება არა დარტყმა, არამედ სილის გაწვნა, ხოლო ჩვენ სილის გაწვნას დარტყმით ვუპასუხებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.