ევროპარლამენტარები საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს საქართველოსთან დაკავშირებით ვრცელი წერილით მიმართავენ და ქვეყნის ხელისუფლების მისამართით ევროკავშირისგან სანქციების დაწესებას ითხოვენ.
ევროპარლამენტარები ასევე იმ მოსამართლეების სანქცირებას ითხოვენ, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ.
"ჩვენ, ხელმომწერი ევროპარლამენტარები, მოგიწოდებთ დაუწესოთ პერსონალური სანქციები საქართველოს ხელისუფლებას, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, როცა მოქმედმა მმართველმა პარტიამ საქართველოს სახელმწიფო ფალსიფიცირებული არჩევნების შემდეგ, მიიტაცა - ის ასევე სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს ახშობს.
კერძოდ, ევროპარლამენტი მოუწოდებს, ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ჩინოსნების და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების არასათანადო გამოყენებაზე - სანქციები უნდა დაუწესდეთ პრემიერმმინისტრ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს და "ქართული ოცნების" გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს და "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე სანქციები უნდა დაუწესდეთ მოსამართლეებს, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ.
გარდა ამისა, ჩვენ გავიმეორეთ ჩვენი მოწოდება, დაუყონებლივ და მიზანმიმართულ პერსონალურ სანქციებზე ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ასევე ვითხოვთ ევროკავშირში მისი აქტივების გაყინვას - საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლისა და ქვეყნის კონსტიტუციით გაცხადებული ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებისთვის, მათ შორის ქვეყანაში რუსეთის გავლენის სფეროს აღდგენის მცდელობისთვის.
ამ წერილით გვინდა მოგიწოდოთ, სასწრაფოდ წარუდგინოთ საბჭოს სანქციების წინადადება, რადგან ჩვენს თვალწინ საქართველოში სახელმწიფოს ავტორიტარული ხელში ჩაგდება იშლება", - მიმართავენ ევროპარლამენტარები კაია კალასს.