ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ მედიის წარმომადგენლებზე და დამკვირვებლებზე თავდასხმის ფაქტები. ამის შესახებ სიმონიშვილმა დღეს, 30 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
სიმონიშვილის განმარტებით, ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და საიას დამკვირვებლებს არჩევნების მიმდინარეობისას დაფიქსირებული შესაძლო დარღვევების აღმოჩენისას თავს ესხმიან და აყენებენ როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას:
“მინდა გამოვეხმაურო მედიის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე თავდასხმის ძალიან ცუდ ფაქტებს, იმ საზარელ ფაქტებს, რომელიც ჩვენ ვნახეთ ბოლო საათების განმავლობაში და მინდა აღვნიშნო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროულად უნდა გამოიძიოს თავდასხმის, სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები, რომლებსაც ჟურნალისტების და ოპერატორების მიმართ ჰქონდა ადგილი და მინდა ჩემი სოლიდარობა დავუდასტურო მათ”.
“როგორც პირველი ტურის შემთხვევაში, ჟურნალისტების მსგავსად, რომლებიც აღმოაჩენენ ძალიან მნიშვნელოვან დარღვევებს, საიას დამკვირვებლების მხრიდან ასეთი დარღვევების აღმოჩენის დროსაც ვხედავდით, რომ მათ ხელს უშლიდნენ საქმიანობაში, როგორც კომისიის წევრების მხრიდან, ასევე სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან
მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინსიტროს, დროულად გამოიძიოს ის ქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მისამართით და ასევე რეაგირება მინდა მოვითხოვო იმ ფაქტებთან მიმართებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენი დამკვირვებლების მისამართით”, – განაცხადა სიმონიშვილმა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას, პროფესიული მოვალეობის შესრულების პროცესში სხვადასვხა მედიის წარმომადგენელს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
რაც შეეხება საია-ს დამკვირვებლებს, ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები დაფიქსირდა რუსთავის მე-20 უბანზე. კერძოდ, მას შემდეგ, რაც დამკვირვებელმა ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირა დარღვევა, კომისიის წევრებმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.