ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინიციატივით, შშმ პირთა სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე მომუშავე ჯგუფის სხდომა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც სამინისტროს წარმომადგენლები, სერვისის პროვაიდერები, დარგის ექსპერტები და შშმ ბავშვების მშობლები ესწრებოდნენ, რეაბილიტაცია/აბილიტაციის სერვისების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს. მინისტრმა, შშმ ბავშვების მშობლებთან ერთად, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა მედიასაშუალებაში გაჟღერებული ის საკითხები განიხილა, რომლებიც რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამას უკავშირდება. შეხვედრაზე, მშობლებს ინფორმაცია მიაწოდეს, იმ ახალ პროგრამასთან დაკავშირებით, რომელზეც სამინისტრო, ექსპერტებთან და პროვაიდერებთან ერთად, მუშაობს და რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესები იქნება დაცული. საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში, დაიწყება პროცედურა და გარდამავალ პერიოდში, რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამა, ძველ მოდელს დაუბრუნდება. სამუშაო პროცესში კი მშობლები აქტიურად იქნებიან ჩართულები. როგორც შეხვედრაზე, შშმ ბავშვების მშობლებმა აღნიშნეს, მიმდინარე და დაგეგმილი ცვლილებები მათთვის მისაღები და ძალიან მნიშვნელოვანია.