ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ევროპარლამენტის წევრს, სლოვაკეთის რესპუბლიკის შრომის, სოციალური დაცვისა და ოჯახის მინისტრის მრჩეველს, ბრანისლავ ონდრუშსა და სლოვაკეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტს, სლოვაკეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტს მიხაელ შტუსკას შეხვდა. შეხვედრას, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ესწრებოდა.
მხარეებმა, ერთობლივი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ. აღინიშნა, რომ საქართველო, „ტვინინგის პროგრამის“ ფარგლებში, ნაყოფიერად თანამშრომლობს სლოვაკეთთან. საუბარი შეეხეო, ბოლო წლების განმავლობაში, შრომის ინსპექციაში გატარებულ რეფორმებსა და წარმატებულ შედეგებს. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, იგეგმება უწყების ეფექტიანობის გაზრდა, საქართველოში შრომითი უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით.
ტვინინგის პროექტის ხელმძღვანელმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მკაფიო მხარდაჭერა გამოხატა. დელეგაცია „საქართველოში უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს გაუმჯობესება ევროკავშირის სტანდარტებისა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად“ დაძმობილების პროექტის ფარგლებში იმყოფება.