საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიასთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელებსა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე კლინიკაში არსებული მდგომარეობა შეაფასეს, განიხილეს ის საჭიროებები, რაც დაწესებულების სრული დატვირთვით ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი. იმსჯელეს აქტუალურ საკითხებზე ადამიანური რესურსების, ინფრასტრუქტურული, კლინიკური და მენეჯმენტის მიმართულებით.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, გადაიჭრას ის საკითხები, რომლებიც კლინიკის სრულფასოვნად ამოქმედებისთვის არის აუცილებელი. მისივე განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები სამინისტროსა და თანამშრომლების ხედვების შეჯერებით იქნება მიღებული.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, სამუშაო შეხვედრები პერმანენტულად გაგრძელდება, რომლებზეც კლინიკის წინაშე არსებული აქტუალური საკითხი გადაწყდება.