ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პირველ მოადგილესთან, თამარ გაბუნიასთან ერთად, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა.
სამინისტროს ცნობით, უწყების ხელმძღვანელმა სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტსა და მედიკოსებთან საავადმყოფოსთან დაკავშირებული ვითარება განიხილა და კლინიკაში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ამოცანა ყველასთვის ერთია – უპირველესად დაცული იყოს პაციენტების ინტერესები და, ამასთან ერთად, სამედიცინო დაწესებულების პერსონალის უფლებები.
„შეხვედრაზე შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის ფორმატზე. კლინიკასთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ექიმებთან კომუნიკაცია გაგრძელდება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მაქსიმალურად დაბალანსებულად იქნება გათვალისწინებული როგორც საზოგადოებრივი, ისე მედპერსონალის ინტერესები“, – აღნიშნულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.