ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ლევან ჩაკვეტაძეს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის კუთხით, აჭარასა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობა და გამოწვევები განიხილეს.
მათივე ინფორმაციით, ისაუბრეს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები პაციენტების სამედიცინო საჭიროებებზე, ჯანდაცვის პოლიტიკაზე, სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდასა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები, როგორც სისტემაში შემავალი უწყებები, ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, მომავალში ჯანდაცვის პოლიტიკის ფორმირებასა და გადაწყვეტილებების მომზადების პროცესში მისასალმებელია მათი აქტიური ჩართულობა.
ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძესა და ლევან ჩაკვეტაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.