საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროებული ფოტო და ვიდეომასალის შემდეგ, მედიკამენტების მიღებაზე, ტესტების გაკეთებასა და გადასხმებზე უარი თქვა.
როგორც ექიმმა სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ განმარტა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუყოვნებლივ საჭიროებს კონსილიუმის მოწვევას და საკითხის გადაწყვეტას.
„ბატონმა პრეზიდენტმა უარი თქვა ტესტების გაკეთებაზე, ყველა წამლის მიღებაზე, რომელიც მის სიცოცხლეს უზრუნველყოფდა. ეს არის ტრაგედია იმიტომ, რომ ზოგიერთი მაჩვენებელი ყოველ საათში უარესდება. ამ წუთში მდგომარეობა არის კრიტიკული. ამიტომ, მე ვთხოვ პირველი კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ და გადავწყვიტოთ, რა ვქნათ. მისი მდგომარეობა კრიტიკულზე კრიტიკული გახდება, შეიძლება რამდენიმე საათშიც“, - განაცხადა ყიფშიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, რა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუკი მიხეილ სააკაშვილი ციხეში დარჩება, ნიკოლოზ ყიფშიძემ უპასუხა: “ სიკვდილი“.
„საუბარია მისი სიცოცხლის გადარჩენაზე. ის იღებდა წამლებს, რომელიც მის სიცოცხლეს უზრუნველყოფდა, თუმცა, გუშინ ტელევიზიებში გავრცელებული კადრების შემდეგ, უარი თქვა“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.