უკვე მერამდენედ საქართველოს გათავისუფლება სამეგრელოდან იწყება - თქვენ იქნებით იმ კოლონის სათავეში, რომელიც სრულიად საქართველოს გაათავისუფლებს და გამათავისუფლებს მეც,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გზავნილშია აღნიშნული, რომელიც ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მაია კალანდიამ წაიკითხა.
როგორც საზოგადოებისადმი მიმართვაში მიხეილ სააკაშვილი ამბობს, ის პუტინის პირადი პატიმარია.
„როდესაც დავბრუნდი საქართველოში, პირველად ჩემი დედულეთის, ჩემი სამარგალოს ჰაერი ჩავისუნთქე. ეს იყო ნისლიანი ჰაერი პალიასტომის ტბისა, ჯადოსნურად ლურჯი ტობავარჩხილის, ჰაერი მაცოცხლებელი ლუგელასი, ჰაერი ხიბულასი, რომელმაც გულში ჩაიკრა ჩვენი პირველი პრეზიდენტი. ჰაერი გოროზი ნოქალაქევის, ჰაერი დიდი კონსტანტინეს პატარა აბაშის და რა თქმა უნდა, ჰაერი ჩემი საყვარელი ანაკლიისა და ლეგენდარული რუხის ციხის. ჰაერი იმ მხარისა, სადაც ყოველი კუთხე-კუნჭული ფეხით ბევრჯერ მაქვს შემოვლილი. თავისუფლების ეს ჰაერი ჩემი ციხის დაბურულ ფანჯარაშიც აღწევს, ის მოქრის ჩემი საყვარელი ჩელას მხარიდან, ყოველთვის მაოცებდა ამ მხარის, უძველესი კოლხეთის, მისი ხალხის სილამაზე და სიმამაცე. უკვე მერამდენედ საქართველოს გათავისუფლება სამეგრელოდან იწყება. იცით, ამ ჰაერს კიდევ რა ჰქვია? ეს თავისუფლების ჰაერია. ზუსტად ვიცი, რომ თქვენ იქნებით იმ კოლონის სათავეში, რომელიც სრულიად საქართველოს გაათავისუფლებს და გამათავისუფლებს მეც. კანონზომიერია, რომ პირველებმა სწორედ თქვენ ჩაუშალეთ ამ მოძალადე მთავრობას მცდელობა, „მხედრიონის“ ტიპის სადამსჯელო ოპერაცია ჩაეტარებინა სამეგრელოში. პირველებმა თქვენმა პოლიციელებმა ამოიღეს ხმა. მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი, ვინაიდან მინდოდა ლაზიკა, მინდოდა მდიდარი საქართველო, მინდოდა მომეცა თქვენთვის წარმატება და მომავალი. ლაზიკა აუცილებლად აშენდება. ჩემი ოცნების ქალაქი, როგორც ზუგდიდის გაგრძელება. რაც პირეოსია ათენისთვის, როგორც დუბაი და სინგაპური, საქართველოა კავკასიისა და მთელი შავიზღვისპირეთისთვის რეგიონის მთავარი ცენტრი, სადაც მინიმალური ხელფასი 1000 დოლარი იქნება. მე თქვენებური ვარ და როდესაც საკუთარი ნებით შევდიოდი პუტინისა და ივანიშვილის ციხეში, კარგად მახსოვდა, რომ ჩვენ ცოტნე დადიანის შთამომავლები ვართ და ცოტნე დადიანის სისხლი გვიდუღს ძარღვებში.
გეხვევით ყველას. მიყვარხართ. ძალიან მალე შეხვედრამდე გამარჯვებული საქართველოს დედაქალაქში. აბა ულა!“- აღნიშნულია ციხიდან სააკაშვილის გზავნილში.