„მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა“,- ამის შესახებ ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა და იქვე დასძინა, რომ ჰოსპიტალში გადაყვანისთანავე ის შიმშილობას შეწყვეტს.
მისივე ინფორმაციით, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს დღესვე გადაიყვანენ, მაგრამ დრო არ დაუკონკრეტებია.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ის კონტაქტურია“, - თქვა გვარამიამ.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის თქმით, ხვალიდან, პუნქტობრივად უნდა გაიწეროს ის სამედიცინო დღის წესრიგი, რომლითაც ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს უმკურნალობენ.
ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის წერილიც წაიკითხა. ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ის პატიმრობაში უკანონოდ იმყოფება.
49 დღეა, რაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს შესთავაზა. უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მედიკოსებისა და სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, კრიტიკული გახდა.