საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულია. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“ჩვენმა სამართალდამცავებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს სამართალდამცავებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორი ყოფილიყო”, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ღარიბაშვილმა ბრიფინგი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართა.