
ჩვენ მართლა დიქტატურა ხომ არ ვართ, ჩვენ ვმოქმედებთ მაღალი სტანდარტით, კანონის სრული დაცვით, თუ ვინმეს დააპატიმრებენ, იქნება მტკიცებულებაზე დაყრდნობილი, ვინ რა გააკეთა, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ძალადობრივ სცენარს ემიჯნებოდნენ, აღნიშნულ აქციაზე არ უნდა მისულიყვნენ. ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ აქციის ყველა მონაწილემ იცოდა როგორ განვითარდებოდა პროცესები.
„როცა ამ აქციების ორგანიზატორი, ვინც მოუწოდებს საზოგადოებას გამოსვლისკენ, პირდაპირ აცხადებს, რომ ეს უნდა იყოს ხელისუფლების დამხობის დღე - დღეს დავიწყებთ და დავამთავრებთო, მე საქართველოს პასუხისმგებლობიანი მოქალაქე თუ ვდგები და ვუერთდები აქციას, ესე იგი მეც პასუხისმგებელი ვარ. კეთილი ენებათ და გამიჯვნოდნენ, გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ ეს არის ძალადობრივი აქტი, ამაში მონაწილეობას არ მივიღებ და არ გავალ საერთოდ ამ აქციაზეო. ნახეთ ახლა შეფასებები, პირდაპირ ხელის შეწმენდა მიდის ორგანიზატორებზე და იქვე მოხდა გამიჯვნა მათი პარტიული ლიდერის მხრიდან. იმის თქმა მინდა, რომ ყველამ ძალიან კარგად იცოდა ყველაფერი, ყველა იყო მოლოდინის რეჟიმში. ჩვენს თვალწინ ვითარდებოდა ეს ყველაფერი და პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან. ჩვენ მართლა დიქტატურა ხომ არ ვართ, ჩვენ ვმოქმედებთ მაღალი სტანდარტით, კანონის სრული დაცვით, თუ ვინმეს დააპატიმრებენ იქნება მტკიცებულებაზე დაყრდნობილი, ვინ რა გააკეთა. გამოეყო ჯგუფი, რომელსაც ძალადობა უნდა განეხორციელებინა. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ვიცოდით, მობილიზებული იყვნენ ჩვენი სამართალდამცავების სხვადასხვა სტრუქტურები, ძალიან კარგად ვიცოდით. ძალიან კარგად არის მომზადებული ჩვენი სახელმწიფო ასეთი გამოვლინებების წინაშე“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, ქვეყანას არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია.
„ჩვენი მიმართულება ახლა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ჯანსაღი ოპოზიცია გაჩნდეს.
რა დიქტატურა და ავტორიტარიზმი შეიძლება საქართველოში მოხდეს, ერთმანეთს ხომ ვიცნობთ. წარმოუდგენელია, ქართველი და დიქტატურა შეუძლებელია.
ეს ყველაფერი გარედან არის დაგეგმილი და შემსრულებელი სამწუხაროდ ჰყავს ე.წ. ოპოზიცია. ეს იყო ბოლო გამოვლინება იმის, რომ არჩევნებით ვერ შეძლეს, ამ ტექნოლოგიებით ვერ შეძლეს, რას ვიზამთ. გონიერი ხალხია ქართველი, ძალიან ძლიერი აზროვნების, გამოავლინეს პასუხისმგებლობა.
ჩვენ ზურგს არ ვაქცევთ, ღია ვართ. 28 ნოემბერი [2024 წლის] რომ აქვთ აღებული, რომ შეჩერდა და აღარ უნდათ ევროკავშირშიო. დღესაც ვიძახი, 24 საათის ნებისმიერ დროს, თუ გინდ ღამის 3 საათზე, როგორც კი გადაწყვეტს ევროკავშირი ან ნებისმიერი ძალა, რომელსაც სურვილი აქვს, რომ მართლა მოხდეს ურთიერთობის დალაგება, ნებისმიერ დროს ჩვენი სახელმწიფო მზად არის. იქით იმალებიან! ვინ არიან ეს ადამიანები? რატომ ბედავენ? როგორ უბედავენ? არ გიჩნდებათ განცდა, რომ ეს შეურაცხმყოფელია სახელმწიფოსთვის, სულ რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანდეთ, შენ ხომ მაინც გარე ადამიანი ხარ, მითუმეტეს, როდესაც პროცესი არჩევნებს ეხება. როგორ ბედავ და ამ საკითხში როგორ ერევი? მაგრამ ეს მარტო საქართველოში არ ხდება, იგივე ხდება სლოვაკეთში, რუმინეთში, რა ვიცი იმ ქვეყნებში...
ეს ძალაა, რომელსაც ჩვენ „დიფ სთეითი“ და „გლობალური ომის პარტია“ დავარქვით, რომლებსაც უნდათ, რომ გავლენები კვლავ ჰქონდეთ შენარჩუნებული, აგენტურის სახით. ეს ძალები ვეღარ ახერხებენ ხელისუფლებაში ყოფნას. ბოლო გამოვლინებებია“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.