ფინანსთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ დუნდუას განცხადებით, საქართველომ მთავრობის ეფექტურობის ინდექსში შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის 35-ე პოზიციამდე დაწინაურდა.
დუნდუას განმარტებით, აღნიშნული მაჩვენებლით საქართველომ გაასწრო ევროკავშირის წევრ 12 ქვეყანას, ნატო-ს წევრ 14 სახელმწიფოს, დიდი შვიდეულის ერთ ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. ასევე კარგი შედეგი დაფიქსირდა კორუფციის კონტროლის მიმართულებით, სადაც ცხრა საერთაშორისო შემფასებლიდან შვიდმა საქართველო გაიყვანა გამოკვლეული ქვეყნების საუკეთესო ოცეულში ან ევროპის საუკეთესო ოცეულში. მეტად მნიშვნელოვანი წარმატებაა. საქართველო აგრძელებს დამაჯერებელ წინსვლას როგორც კეთილსინდისიერების, ისე მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით, მაღალ ეკონომიკურ ზრდას, რაც, ბუნებრივია, მოსახლეობის კეთილდღეობაში აისახება“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.