ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთშიც კი ყოველთვის საჯაროდ ამბობს, რომ რაც რუსეთმა საქართველოს მიმართ განახორციელა, აგრესიაა და რომ რუსეთი ოკუპანტია.
„საქართველოს ეკლესია ყოველთვის ამბობდა და ღესაც თქვენს თვალწინ გავიმეორებ: რუსეთი არის ოკუპანტი, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. ამას ვამბობთ სულ და რატომ ამბობთ, რომ თავს ვარიდებთ?
მე რუსეთში ხშირად დავდივარ ხოლმე და იქაც ვამბობ პირდაპირ, ღია ტექსტით, რომ ეს არის ოკუპაცია, რომელიც რუსეთმა საქართველოს მიმართ განახორციელა. არ მერიდება ამ სიტყვის გამოყენება, არ სიამოვნებთ, რა თქმა უნდა. მე ბევრი მეგობარი მყავს რუსეთში, ახლობელიც. მინდა გითხრათ, რომ როდესაც განსაკუთრებით დაძაბული სიტუაცია იყო ქართველების მიმართ და როდესაც პირდაპირ ხდებოდა ქართველების რუსეთიდან გამოყრა, ეს სულ რამდენიმე წლის წინ იყო, რუსეთის ცენტრში ადამიანების ჯგუფს 6 - ქიმიანი ვარსკვლავი ეკეთათ და ეწერათ: „я грузин“ ეს არის რუსი ხალხის თანადგომა და ეს არიან ის რუსი ადამიანები, ვისთანაც ვმეგობრობ. მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი ყოველთვის ადამიანების მხრებზე გადადის", -აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
როგორც მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, ის უკრაინელებს სოლიდარობას უცხადებს. მისივე თქმით, ის დღეს საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს პირადად ესაუბრა და მიუსამძიმრა.
"ჩვენ ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა, ვფიქრობ, ჩვენ ამ ყველაფერში სრული ურთიერთგაგება გვქონდა“.
ჩემი, როგორც მაღალი იერარქიის სასულიერო პირის პოზიცია არის თანაგრძნობა, სიყვარული, თანადგომა მათ მიმართ, ვინც ამ ომის მსხვერპლია. ასევე, მინდა გითხრათ, რომ სიძულვილი ჩვენი იარაღი არასდროს არის. ჩვენ ძირითად შეფასებებს ვაკეთებთ იმის მიმართ, რასაც ვხედავთ ტელევიზორში და არა მარტო. მინდა გითხრათ რომ მეც ძალიან ბევრი ახლობელი მყავს უკრაინაში და რა თქმა უნდა, მათთან პირდაპირი კავშირი მაქვს, მათგან მესმის, რა ხდება, როგორ არის. ვერ ვენდობი მარტო საინფორმაციო საშუალებებს და მათთან პირადი კავშირი მაქვს. სხვათაშორის, ჩვენზე თქვეს თავად უკრაინელებმა, რომ ყველაზე მეტად ვისაც შეუძლია ამის გაგება საქართველოაო. ეს არ იყო მხოლოდ 2008 წლის ომი, როდესაც ჩვენ მეზობელი რუსული ქვეყნის აგრესია და ოკუპაცია განვიცადეთ, ეს არის მთელი 200 წელი, მაგრამ ბოლო პერიოდში ეს არის 90-იანი წლები. მე თავად ვმონაწილეობდი სოხუმში, აფხაზეთში, ჩემი თვალით მაქვს ნანახი და საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ომის საშინელებები. ბევრი საშინელი ისტორიაა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამის ახსნა არ გვჭირდება, განსაკუთრებით ქართველებს. ასევე, ჩვენ ვლოცულობთ, პირველ რიგში, მშვიდობა უნდა დამყარდეს და მერე ყველაფერი თავის ადგილზე დავაყენოთ“,-აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.