სხვა პოტენციური ანგარიშვალდებულების ქმედებებისა და დაფინანსების სხვა ტრანშების შესახებ ჩვენი გადახედვა გრძელდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაიმე სახის ქმედებების წინასწარ განხილვას არ ვაპირებ, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სხვა პოტენციური ანგარიშვალდებულების ქმედებებისა და დაფინანსების სხვა ტრანშების შესახებ ჩვენი გადახედვა გრძელდება“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
ამასთან, მეთიუ მილერმა აღნიშნა, რომ იმ პირების დასახელება, რომლებსაც სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა, კანონის შესაბამისად არ შეუძლია.
„შეგიძლიათ კანონის შეცვლის შესახებ კონგრესს მიმართოთ, რათა იმის უფლება მოგვეცეს, რომ ის ადამიანები დავასახელოთ, რომლებსაც სავიზო შეზღუდვები დავუწესეთ. იქამდე, სანამ ეს კანონი არ შეიცვლება, ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, დღეს, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დასანქცირდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე. ასევე, საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაში მონაწილე 60-ზე მეტი ქართველისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დააწესა.