მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დაკავებული პირებიდან რამდენიმე გაათავისუფლეს.
გათავისუფლებულთა შორის არიან „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე, ასევე ორი ქალი მომიტინგე, რომლებიც „ძლიერი საქართველოსა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები არიან.
როგორც ოპერატორმა სერგი ბარამიძემ პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, მას სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, აღენიშნება დაზიანებებიც.
მისი განმარტებით, ის პოლიციის განყოფილებიდან ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
„ვიღებდით დაკავებულის კადრებს და პოლიციასთან შეხლა-შემოხლა ამ დროს მოხდა. რატომღაც მე გავეხვიე შარში.[პოლიციამ] მითხრა, წესს არღვევდითო, ხელს გვიშლიდითო, ანუ სავალ ნაწილზე იყავით გადმოსულიო. აქტივისტი ხომ არ ვარ, მე ვარ ოპერატორი, ჩვეულებრივად ვიღებდი და რატომ გადაწყვიტეს ჩემი დაკავება, წარმოუდგენელია, არ ვიცი. თვალი მაქვს ჩალურჯებული, დანარჩენი ფიზიკურად არაფერი მეტყობა, მაგრამ კარგად მირტყეს.
განყოფილებაში გადავედით, იქ დიდი არაფერი მომხდარა, უბრალოდ შეამოწმეს ჩემი ნივთები“, - განაცხადა სერგი ბარამიძემ.