ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ინფიცირების დღიური შემთხვევების 20-დან 25 ათასამდე გაზრდას პროგნოზირებს.
ამის შესახებ მან რამდენიმე საათის წინ მედიასთან განაცხადა და იქვე დასძინა, რომ პიკი, დაახლოებით, 2 კვირის მერე იქნება და შემდეგ „დაღმავალი ტალღა“ დაიწყება.
„სავარაუდოდ, ხვალ ისევ იქნება ინფიცირების 17 000, 18 000 შემთხვევა, შეიძლება 20 000 ახალი შემთხვევა. სამწუხაროდ, ასეა მთელ მსოფლიოში. საფრანგეთში ორჯერ მეტია ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, ვიდრე - ჩვენთან, ისრაელშიც, როგორც გითხარით, სამჯერ მეტია...
მე ასეთი მოლოდოინი მაქვს, რომ დაახლოებით, 2 კვირა იქნება ინფიცირების მატება; სადღაც 20 000 - 25 000 დღიურ შემთხვევას მივაღწევთ, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, კლინიკური სექტორი ამას გაუძლებს... იცით რა, დიდი რაოდენობა <ინფიცირების> არც ისეთი დიდი ტრაგედიაა, თუ ადამიანების გარდაცვალება არ გაიზრდება და ყველა პაციენტის მოვლა შესაძლებელი იქნება; მაშინ მოსახლეობა ამას ტრაგიკულად არ აღიქვამს.
მე მიმაჩნია, რომ 20 – 25 000 შემთხვევამდე გაიზრდება ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, იქნება პროგრესი... კლინიკურ სექტორში ჯერ მარაგი გვაქვს, მაგრამ თუ შემთხვევები კიდევ გაიზრდება, დიდი იმედი მაქვს, დამატებითი კლინიკების და შესაბამისად, საწოლების მობილიზების საშუალებას კიდევ მოძებნიან. იმედია, ჩვენთან კრიტიკული და ტრაგიკურლი სიტუაცია არ შეიქმნება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ წელს პანდემია დაიძლევა და ცოვიდ-19 ენდემურ გრიპად გადაიქცევა.