მთავრობის წევრებმა სამი საკითხი განიხილეს, რომელთა შორის იყო საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე ოჯახს სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.
საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა.
„პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ოჯახი სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში; ასევე, თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად. ამ და სხვა კრიტერიუმების შეფასების შემდეგ ოჯახების განსახლების საკითხს შესაბამისი კომისია გადაწყვეტს. პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ოჯახების განსახლება განხორციელდება საქართველოს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.