
ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე პოზიციების კიდევ უფრო გასაძლიერებლად იწყებს ოპერაციას „აღმოსავლეთის მცველი“, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის თქმით, სამხედრო აქტივობა უახლოეს დღეებში დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მოკავშირეების, მათ შორის დანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის და სხვა ქვეყნების სხვადასხვა სახის აქტივები.
მარკ რუტეს განცხადებით, უფრო ტრადიციული სამხედრო შესაძლებლობების გარდა, ეს ძალისხმევა ასევე მოიცავს ელემენტებს, რომლებიც შექმნილია დრონების გამოყენებასთან დაკავშირებული კონკრეტული გამოწვევების მოსაგვარებლად.
„ის, რაც 10 სექტემბერს მოხდა, არ იყო ერთჯერადი ინციდენტი. რუსეთის დაუფიქრებლობა ჩვენი აღმოსავლეთ ფლანგის საჰაერო სივრცეში უფრო და უფრო ხშირად ხდება. ჩვენ ვნახეთ უპილოტო აპარატების მიერ ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა რუმინეთში, ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. განზრახ თუ უნებლიეთ, ეს საშიში და მიუღებელია. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ მოკავშირეთა ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ბალტიის ზღვაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაუფიქრებელი ქმედებებისგან დაცვის მიზნით წლის დასაწყისში შევქმენით „ბალტიის მცველი“. გენერალი გრინკევიჩი და მე აქ ვართ, რათა გამოვაცხადოთ, რომ ნატო იწყებს „აღმოსავლეთის მცველის“ მისიას“, – განაცხადა მარკ რუტემ.