რუსეთის "პირველი არხის" თანამშრომელმა, რედაქტორმა მარინა ოვსიანიკოვამ, რომელიც საინფორმაციო გამოშვების პირდაპირ ეთერში პლაკატით შევიდა, პროტესტის გამოხატვამდე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ბოდიში მოიხადა იმისთვის, რომ რუსეთის „პირველ არხზე“ პროპაგანდას ემსახურებოდა. ამის შესახებ ინდორმაციას მედია ავრცელებს.
"ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, დანაშაულია და რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა. ამ აგრესიის გამო პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთი ადამიანის სინდისზეა - ეს არის ვლადიმერ პუტინი. მამაჩემი უკრაინელია, დედაჩემი კი რუსი და ისინი არასდროს ყოფილან მტრები. ყელსაბამი (რუსეთისა და უკრაინის დროშის ფერებში), რომელიც ახლა მიკეთია, იმის სიმბოლოა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძმათაშორისი ომი და ჩვენი მოძმე ერები ჯერ კიდევ შეძლებენ შერიგებას. სამწუხაროდ, ბოლო წლებში რუსეთის „პირველ არხზე“ ვმუშაობდი და კრემლის პროპაგანდით ვიყავი დაკავებული და ახლა ამის გამო ძალიან მრცხვენია. მრცხვენია, რომ ტელევიზორის ეკრანიდან ტყუილის თქმის საშუალებას ვაძლევდი. მრცხვენია, რადგან რუსი ხალხის ზომბირების საშულებას ვაძლევდი. 2014 წელს, როდესაც ეს ყველაფერი იწყებოდა, ჩვენ გავჩუმდით. ჩვენ არ გამოვედით მიტინგებზე, როდესაც კრემლმა ნავალნი მოწამლა. ჩვენ უსიტყვოდ ვუყურებდით ამ არაადამიანურ რეჟიმს. ახლა მთელმა მსოფლიომ ზურგი შეგვაქცია და ჩვენი შთამომავლობის კიდევ 10 თაობა ვერ ჩამოირეცხავს ამ ძმათაშორისი ომის სირცხვილს. მხოლოდ ჩვენი, გონიერი და ჭკვიანი რუსი ხალხის ხელშია ძალა, რომ შევაჩეროთ ეს სიგიჟე. გამოდით მიტინგებზე, არაფრის შეგეშინდეთ. ისინი ყველას ვერ ჩაგვსვამენ ციხეში“, - წინასწარ ჩაწერილ ვიდეომიმართვაში განაცხადა ოვსიანიკოვამ.
შეგახსენებთ, რუსეთის „პირველი არხის“ საინფორმაციო გადაცემა "ვრემიას" დროს, მარინა ოვსიანიკოვა პირდაპირ ეთერში წამყვანის უკანა ფონზე ომის საწინააღმდეგი ბანერით, "არა ომს, შეაჩერე ომი" შევიდა, რომელზეც ეწერა „არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ, რუსები ომის წინააღმდეგ". მედიის ინფორმაციით, ის სახელმწიფო ტელევიზიაში რედაქტორად მუშაობდა. ოვსიანიკოვა დაკავებულია.