golden brand
ავერსი ნემო

არც „იმედს“, არც სხვა დასანქცირებულ ტელევიზიას არაფერი დაუშავდება, სათანადო დონეზე გააგრძელებენ საქმიანობას, ფინანსურადაც უზრუნველყოფილი იქნებიან - სხვა მხრივაც, სახელმწიფო გვერდში დაუდგება ნებისმიერ თავისუფალ მედიას, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ არც „იმედს“ და არც სხვა ნებისმიერ დასანქცირებულ ტელევიზიას არაფერი დაუშავდება.

„ყველა კომპანიას აქვს თავისი პოლიტიკა, თავად განსაზღვროს საკუთარი სტრატეგიიდან გამომდინარე, რა ნაბიჯები უნდა გადადგას. ყველამ თავის თავზე იფიქროს და იზრუნოს. მათი გადასაწყვეტია. შედეგებიც შესაბამისი იქნება. თუ რეკლამა არ იქნება, შეიძლება ამ კომპანიის მოგებაც სათანადო არ იყოს. რატომ მიჰქონდათ [რეკლამა] „იმედზე“? იმიტომ, რომ „იმედი“ არის ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია, სადაც რეკლამა ავტომატურად ნიშნავდა სათანადო შემოსავალს, ვინაიდან მოსახლეობის ყველაზე დიდ მასშტაბამდე მიდიოდა ესა თუ ის რეკლამა. თუ რეკლამა არ იქნება, „იმედს“ ამით არაფერი დაუშავდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც, ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, არც „იმედს“, არც სხვა ნებისმიერ დასანქცირებულ ტელევიზიას არაფერი დაუშავდება. ისინი სათანადო დონეზე გააგრძელებენ საქმიანობას, ფინანსურადაც უზრუნველყოფილი იქნებიან. სხვა მხრივაც, სახელმწიფო გვერდში დაუდგება ნებისმიერ თავისუფალ მედიას,“ - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, City AM-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანია Procter & Gamble-მა შეწყვიტა ურთიერთობა ქართულ ტელეარხთან, მას შემდეგ, რაც ის გაერთიანებულმა სამეფომ დაასანქცირა და რუსეთის სახელმწიფოს რუპორად მიიჩნიეს.

გამოცემის ცნობით, კომპანია აგრძელებდა რეკლამების განთავსებას ტელეკომპანია „იმედზე“, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი თებერვალში გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სანქციების სიაში შეიტანეს.

City AM-ის ცნობით, P&G-ის ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის უფროსი დირექტორისა და ხელმძღვანელის, ჯონ ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების შედეგად, კომპანიამ ორშაბათს მედიაკომპანიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა.

„P&G იცავს კანონს ყველა ბაზარზე, სადაც მომხმარებლებს ვემსახურებით და ჩვენ ვიყენებთ მკაცრ მიდგომას სანქციების დაცვის მიმართ, მედია შესყიდვების პრაქტიკის ჩათვლით. ჩვენ არ დაგვირღვევია გაერთიანებული სამეფოს სანქციების რეჟიმი. თუმცა, ნებაყოფლობით შევცვალეთ მიდგომა და შევაჩერეთ საქართველოში ტელეკომპანია „იმედიდან“ რეკლამირება“, - აღნიშნა Procter & Gamble-ის პრესსპიკერმა.

City AM-ის ცნობით, მსგავსი გამოძიება დაიწყო Nestle-მაც და გამოძიებას კომპანიის გლობალური იურიდიული ხელმძღვანელი, ლიან ჯილი ხელმძღვანელობს.

54