პარასკევს, 16 აგვისტოს, ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტომ წევრ ქვეყნებს მოუწოდა, „მაიმუნის ჩუტყვავილას“ (Mpox –monkeypox) მომაკვდინებელი შტამის ახალი შემთხვევებისთვის მოემზადონ. ეს გაფრთხილება მას შემდეგ გაისმა, რაც აფრიკის ფარგლებს გარეთ ამ დაავადების პირველი შემთხვევის ფაქტი შვედეთმა ოფიციალურად დაადასტურა. დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა (ECDC) თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის (EAA) მოსახლეობისთვის, რომელშიც 30 ქვეყანა შედის, საერთო რისკის დონე ამ ეტაპზე „დაბალია“. ამასთან, ECDC „ევროკავშირის და EEA-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებს ურჩევს, მზადყოფნისა და ცნობიერების ამაღლების დაგეგმვის მაღალი სტანდარტი შეინარჩუნონ, რათა შემთხვევების სწრაფი გამოვლენა და მასზე რეაგირება უზრუნველყონ“. სტოკჰოლმში დაფუძნებული ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ მომავალში, ევროპაში ვირუსის ახალი შტამის იმპორტის ალბათობა „მაღალია“.
„ევროპასა და აფრიკას შორის მჭიდრო კავშირების გათვალისწინებით, Clade I-ის შემთხვევების რაოდენობის გაზრდისთვის მზად უნდა ვიყოთ“, - ნათქვამია ECDC-ის დირექტორის, პამელა რენდი-ვაგნერის განცხადებაში. სააგენტო ხაზს უსვამს, რომ „ეფექტური მეთვალყურეობის, ლაბორატორიული ტესტირების, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევებისა და კონტაქტის თვალთვალის უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონტინენტზე შემთხვევების იდენტიფიცირებისთვის“. ამ კვირაშივე, ახალი, უფრო საშიში mpox შტამის, რომლის სახელწოდებაა Clade 1b, სწრაფი გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - ეს არის განგაშის ყველაზე მაღალი დონე, რომელიც ჯანმო-ს შეუძლია გამოაცხადოს. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, ვირუსი ამ ქვეყანაში უკვე ფართოდ არის გავრცელებული და წელს მისგან 548 ადამიანი დაიღუპა.
აფრიკის ფარგლებს გარეთ ინფიცირების პირველი შემთხვევები ამ კვირაში შვედეთსა და პაკისტანში დაფიქსირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანმო-მ გაავრცელა განცხადება ახალი შტამის ევროპაში შემოტანის ალბათობის თაობაზე. ივლისის ბოლოს გამოქვეყნებულ ანგარიშში კი, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა საერთო რისკის ალბათობა შეაფასა, როგორც „ძალიან დაბალი“. თუმცა, მის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინფიცირების ალბათობა მაღალია იმ ევროპელებისთვის, რომლებიც ინფექციის გავრცელების რეგიონებში მოგზაურობენ და მჭიდრო კონტაქტი აქვთ ადგილობრივ მოსახლეობასთან: „ევროპაში არსებობს იმპორტის ან დადასტურებული შემთხვევების მქონე პაციენტებთან ახლო კონტაქტებით გამოწვეული მაღალი რისკი“.
ინფექციური დაავადება გამოწვეულია ვირუსით, რომელიც ადამიანებს ცხოველებიდან გადაეცემათ, მაგრამ ასევე გადადის ადამიანიდან ადამიანზე, ახლო ფიზიკური კონტაქტის გზით. ის იწვევს ცხელებას, კუნთების ტკივილს და კანის დაზიანებებს, რომლებიც ფურუნკულებს ჰგავს. აშშ-ს ჯანდაცვის დეპარტამენტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ „მაიმუნის ჩუტყვავილას“ ვაქცინის 50 000 დოზას კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას გადასცემს და იქვე აღნიშნა, რომ ვაქცინაცია „გადამწყვეტი ელემენტი იქნება ამ აფეთქების წინააღმდეგ საბრძოლველად“.
დანიურმა წამლების მწარმოებელმა „ბავარიან ნორდიკმა“ პარასკევს დაადასტურა, რომ ცდილობს მიიღოს ევროპული ნებართვა 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში „მაიმუნის ჩუტყვავილას“ ვაქცინის გამოსაყენებლად.