კიდევ ერთხელ ვუხდი გულწრფელ მადლობას პრეზიდენტ სი ძინპინსა და მის მთავრობას, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, მსოფლიო ლიტერატურაში შოთა რუსთაველის ღვაწლის აღიარებისთვის და ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რათა ხაზი გაესვას ჩვენს მემკვიდრეობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეის ერთგულება.
„ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილევ, პრეზიდენტო, პროფესორებო, თავმჯდომარევ, ძვირფასო სტუმრებო, ბატონო ელჩო, მეცნიერებო და სტუდენტებო, ნება მომეცით, საუბარი დავიწყო იმით, თუ რამდენად მადლობელი ვარ მისი აღმატებულება, პრეზიდენტი სი ძინპინისადმი, მე და ჩემი დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში და ჩენგდუში საზაფხულო მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე რომ მოგვიწვია. ძალიან მადლობელი ვართ განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობისა და თბილი დახვედრისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ უსაზღვროდ მოხარული ვარ, რომ ამიერიდან ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლდა. უსაზღვრო სიამაყითა და სიხარულით შევიკრიბეთ დღეს პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სკულპტურის გახსნის აღსანიშნავად. უნდა განვაცხადო, რომ განსაკუთრებით მესიამოვნა, როცა პრეზიდენტ სისთან შეხვედრისას მან თავის გამოსვლაში გულითადად მოიხსენია ჩვენი დიდი პოეტი შოთა რუსთაველი. გულწრფელ მადლობას ვუხდი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების განხორციელებაში. ეს შემთხვევა ადასტურებს ჩვენს ორ ერს შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებას და პატივს სცემს იმ მდიდარ ლიტერატურულ მემკვიდრეობას, რომელიც აქვს როგორც საქართველოს, ისე ჩინეთს. XII საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის მიერ მსოფლიო ლიტერატურაში შეტანილი ღვაწლი უდიდესია და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად აღინიშნება. მისი ეპიკური პოემა „ვეფხისტყაოსანი“ არა მხოლოდ ქართული ლიტერატურის შედევრია, არამედ მეგობრობის, სიბრძნის, ადამიანური ემოციებისა და ღირებულებების უნივერსალურობის დასტურიც არის. ეს არის ნაწარმოები, რომელიც სცილდება საზღვრებს, ენებსა და საუკუნეებს, რომელიც რეზონანსულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის აქაც – ჩინეთში“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, სასიხარულოა, რომ ქართველთა შორის მზარდი ენთუზიაზმი არსებობს ჩინური კულტურისა და ენის მიმართ.
„ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი ცერემონია სიმბოლოა ჩვენი ერების მზადყოფნისა, მიიღონ ერთმანეთის მხატვრული და ინტელექტუალური მემკვიდრეობა, ხელი შეუწყონ ურთიერთგაგებასა და პატივისცემას და ხაზი გაუსვან ლიტერატურისა და ხელოვნების ძალას. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული გაცვლის, ცოდნის გაზიარებისა და მეგობრობის ხელშეწყობის იდეისადმი. ეს კავშირი უკვე დამყარდა და მოხარული ვარ, რომ ქართველთა შორის მზარდი ენთუზიაზმი არსებობს ჩინური კულტურისა და ენის მიმართ. სწორედ ეს მზარდი ინტერესი ქმნის ძლიერ საფუძველს ადამიანთა შორის მნიშვნელოვანი გაცვლის ხელშეწყობისთვის. ამ კონტექსტში, მინდა ხაზი გავუსვა იმ სასიცოცხლო როლს, რომელსაც ასრულებენ კონფუცის ინსტიტუტები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში წარმატებით ფუნქციონირებენ და აქტიურად უწყობენ ხელს ჩინური კულტურისა და ენის გავრცელებას საქართველოში. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ამ ინიციატივის მხარდაჭერა და განვითარება. უმაღლეს სასწავლებლებში თანამშრომლობა დიდი ხანია ჩვენი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის, ძველი ენების შესწავლის მხარდაჭერა შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებში; აგრეთვე, პროფესიულ, უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს შორის პირდაპირი თანამშრომლობის ხელშეწყობა და სტუდენტებისა და პროფესორების გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერა, სხვა ინიციატივებს შორის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩინეთში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა განათლების სფეროში მნიშვნელოვან დოკუმენტს.
„ჩვენი ვიზიტის დროს, მოხარული ვართ ხელი მოვაწეროთ განათლების სფეროში მნიშვნელოვან დოკუმენტს – ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს დაწყებით და საშუალო სკოლებში ერთობლივი ჩინური ენის განათლების შესახებ. მჯერა, რომ ეს დიდად შეუწყობს ხელს ჩვენს მიზანს, გაღრმავდეს ურთიერთგაგება ჩვენს ერებს შორის. კიდევ ერთხელ ვუხდი გულწრფელ მადლობას პრეზიდენტ სი ძინპინსა და მის მთავრობას, პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მსოფლიო ლიტერატურაში შოთა რუსთაველის ღვაწლის აღიარებისთვის და ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის, რათა ხაზი გაესვას ჩვენს მემკვიდრეობას. იმედი მაქვს, რომ ეს ქანდაკება იქნება შთაგონება ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის და წაახალისებს ქართული ლიტერატურის, პოეზიისა და ჩვენი უნიკალური ენის უზარმაზარი სამყაროს შესწავლას. დაე, ეს ქანდაკება იდგეს მყარად როგორც მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სიმბოლო, და იყოს მოტივაცია, რომელიც მიგვიყვანს უფრო ნათელი და ურთიერთდაკავშირებული მომავლისკენ. დიდი მადლობა“, – განაცხადა პრემიერმა.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ტუან ფენგიმ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ უ იენმა.
პეკინის ენისა და კულტურის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ბიუსტის გახსნის ღონისძიებას საქართველოს დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე სტუდენტებმა კულტურული პერფორმანსები წარადგინეს.