ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლუგელას ხეობის ერთ-ერთ მთის ფერდობზე ხანძარია. ცეცხლი უკიდია ბალახებსა და ბუჩქებს.
ადგილზე 60-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ამასთან, ხანძრის კერა ტექნიკისთვის მიუვალია და მეხანძრეები ფეხით გადაადგილდებიან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებენ. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„ხანძრის ქრობის პროცესში სპეციალური აღჭურვილობით 150-მდე მეხანძრე-მაშველი, დრონები და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენია ჩართული. რთული რელიეფის გამო ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ ხერხდება.
მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე დარჩება ცოცხალი ძალა, რომელიც ტერიტორიის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
ხანძარი ლუგელას ხეობაში გუშინ საღამოს შენიშნეს.