ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, მომდევნო ორი კვირა გადამწყვეტია და ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, ცოვიდ-შეზღუდვების დაწესება გამორიცხული არ არის.
ასე უპასუხა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში კითხვას, არის თუ არა შესაძლებელი შემოდგომამდე ანუ აგვისტოში დაწესდეს შეზღუდვები.
„შრომის ინსპექცია და ეპიდემიოლოგები აქტიურად მუშაობენ კერძო სექტორთან იმისათვის, რომ რეგულაციები დაიცვან. ჩვენ დამოკიდებული ვართ ისევ ინფექციის გავრცელებაზე, რის შედეგადაც შეიძლება (შეზღუდვების დაწესებაზე) გადაწყვეტილებები მივიღოთ. ბოლო ერთი კვირაა გვაქვს ორჯერადი ნახტომი, ინფექცია უკვე საკმაოდ გაზრდილია. შემდეგი ორი კვირა გადამწყვეტი იქნება ამ გადაწყვეტილებების მიღებისთვის და იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორის და მოქალაქეების ჩართულობა ამ მიმართულებით მაღალი იქნება, რომ ინფექცია კიდევ უფრო მეტად არ გავრცელდეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა და იმ რეგულაციების აღსრულება, რომელიც დაწესებულია.
„ეს რეგულაციები განაპირობებს იმას, დავდგებით თუ არა შემოდგომაზე არჩევანის წინაშე ანუ ჩავკეტავთ თუ არა ქვეყანას და გვექნება თუ არა განმეორებითი „ლოქდაუნი“. რა თქმა უნდა, ამის სურვილი არ გვაქვს, თუმცა ამის ფუფუნებას არ გვაძლევს პანდემია და ის რიცხვები, რომელიც დღითიდღე მზარდია, ამ გადაწყვეტილებების მიღებას განაპირობებს", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.