სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს დისკრედიტაციის კამპანიაშია ჩართული, აბსოლუტურად ლოგიკური იყო მისი ვეტო, რომელიც დაძლეული იქნება, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებისთვის ვეტოს დადებას.
კობახიძის თქმით, ვეტო ვერ შეუქმნის პრობლემას სტაბილურად პროცესების განვითარებას.
სალომე ზურაბიშვილი ჩართულია ცესკო-ს დისკრედიტაციის კამპანიაში. ეს არის მისი ერთ-ერთი დავალება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ლოგიკური იყო მისი ვეტო. ეს იყო მისი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების კიდევ ერთი გაგრძელება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ვეტო ვერ შეუქმნის პრობლემას სტაბილურად პროცესების განვითარებას. ვეტო იქნება დაძლეული. ეს გადაწყვეტილება აქვს მიღებული საპარლამენტო უმრავლესობას. შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება, რათა ცესკო-მ შეძლოს ეფექტიანად არჩევნების ჩატარება. ამის საპირისპირო მიზანი აქვს სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს ვეტო დაადო.