ლენტეხი-ცაგერი-ქუთაისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, (ცაგერი-ლენტეხის ტერიტორიაზე, 5 ლოკაციაზე) 17 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა (წვიმა,სეტყვა) მეწყრული პროცესები გამოიწვია, რის შედეგად ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით ჩაიკეტა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლენტეხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, გაწმენდილია სტიქიის ზონის ხუთივე ლოკაცია და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
„დილიდანვე მყისიერად მოხდა სტიქიის ადგილზე ხუთი ერთეული ტექნიკის მობილიზება და მიმდინარეობს გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები.
ამ დროისთვის გაწმენდილია სტიქიის ზონის ხუთივე ლოკაცია და მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ასევე, მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს და უშუალოდ, დაბას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ცენტრალურ გზაზე მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზებისა და ბოძების მწყობრიდან გამოსვლის გამო.
მობილიზებულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით.
სტიქიის ადგილზე დილიდანვე იმყოფებიან რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბერდია ჩანქსელიანი, ლენტეხის მერის მოადგილე ზვიად ლობჟანიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.