საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 65 პროცენტი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას სრულად უჭერს მხარს.
კითხვაზე, ემხრობით თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, გამოკითხულთა 65 პროცენტი აცხადებს, რომ სრულად უჭერს მხარს, 15 პროცენტი ნაწილობრივ, 5 პროცენტი კი, ნაწილობრივ ეწინააღმდეგება. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება გამოკითხულთა ცხრა პროცენტი, კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა ექვს პროცენტს.
ამასთან, კითხვაზე, თუ მხარს უჭერთ ნატო-ში გაწევრიანებას, რა არის წევრობის ყველაზე დიდი სარგებელი, გამოკითხულთა 33 პროცენტი უსაფრთხოებას ასახელებს, 19 პროცენტისთვის ყველაზე დიდი სარგებელი თავდაცვაა, 11 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის გაძლიერება, ხოლო 8 პროცენტი აცხადებს, რომ სტაბილურობა და მშვიდობა.
IRI-ის კიდევ ერთ კითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, გამოკითხულთა 23 პროცენტი რუსეთის პოზიციას ასახელებს, 22 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ ოკუპირებული რეგიონების სტატუსი. ყველაზე დიდ გამოწვევად საქართველოში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობას ასახელებს გამოკითხულთა 19 პროცენტი, 11 პროცენტი კი ამბობს, რომ გამოწვევა საქართველოს საგარეო პოზიცია, ხოლო შვიდი პროცენტი ყველაზე დიდ გამოწვევად ნატო-ს წევრ ქვეყნების პოზიციას ასახელებს.