
„ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შენდება უნიკალური თაღოვანი ხიდი, რომელიც იქნება ყველაზე მაღალი ხიდი მთელ რეგიონში.
„პრემიერ-მინისტრთან ერთად, ადგილზე გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს. ველოდებით, რომ 2026 წლის დასაწყისში გაიხსნება გუდაურამდე მონაკვეთი, ხოლო სრულად პროექტის დასრულება 2027 წლის დასაწყისისთვის იგეგმება. მაღალი საინჟინრო სტანდარტების დაცვით განხორციელებული ეს მასშტაბური პროექტი მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს და უზრუნველყოფს გზის გამართულ ფუნქციონირებას წლის ნებისმიერ პერიოდში. შედეგად, ტრანსპორტისა და ტვირთების გადაადგილება უსაფრთხოდ და შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ისტორიული სოფლების რეაბილიტაცია, რაც გააძლიერებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მაგისტრალური გზის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიან მაგისტრალურ გზასა და გვირაბებზე სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
„პროექტის ფარგლებში მოეწყობა ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, აშენდება ხუთი ხიდი და ხუთი გვირაბი, ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერთ ხიდს. უკვე დასრულებულია ცხრაკილომეტრიანი მთავარი და საევაკუაციო გვირაბების გაყვანა, რომლებიც სოფელ წკერეს სოფელ კობთან აკავშირებს. მთავარ გვირაბში დასრულდა სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში – რკინაბეტონის მოსახვის სამუშაოები. ახალი 9 კმ-იანი გვირაბი, რომელიც TBM ტექნოლოგიით გაიჭრა, საქართველოში ყველაზე გრძელი და მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ინფრასტრუქტურული ობიექტი იქნება. გარდა ამისა, გაჭრილია 1.5-კილომეტრიანი და 500-მეტრიანი გვირაბები, სადაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრო-მექანიკური სისტემების მონტაჟი. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ხუთი ხიდიდან ოთხზე. დასრულდა დაბალანსებული კონსოლური ხიდის მშენებლობა – საქართველოში პირველი მსგავსი ტიპის ტექნოლოგიური ნაგებობა, 48 და 47-მეტრიანი ბურჯებით – იგი ამ დროისთვის ქვეყნის ყველაზე მაღალი ხიდია.
პროექტის ფარგლებში გრძელდება გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კავშირს კურორტთან. ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის გახსნის შემდეგ კობის მიმართულებით ზამთარში მოძრაობა აღარ შეიზღუდება. ხადiს ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს საჭირო სერვისებზე წვდომას; მგზავრობა გახდება უფრო უსაფრთხო და კომფორტული; გადასაადგილებლად საჭირო დრო საგრძნობლად შემცირდება: ქვეშეთი-კობის მონაკვეთის გავლა, ერთი საათის ნაცვლად, 15 წუთში გახდება შესაძლებელი. თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას, ორი საათის ნაცვლად, ერთი საათი და 30 წუთი დასჭირდება; თბილისიდან სტეფანწმინდამდე კი, ორი საათისა და 30 წუთის ნაცვლად, ერთ საათსა და 45 წუთში ჩავალთ. პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. მისი საერთო ღირებულება 1.2 მილიარდი ლარია. მშენებლობის დასრულება ეტაპობრივად, 2025-2026 წლებშია დაგეგმილი“, – ნათქვამია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.