ავტობუსების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს ტაქსის ოფიციალურ სერვისს სთავაზობს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში აეროპორტის ოფიციალური ტაქსის მომსახურებასთან დაკავშირებით კომპანია BENE EXCLUSIVE-მა გაიმარჯვა.
ახალი სერვისის პრეზენტაცია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების
გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ და კომპანია BENE EXCLUSIVE-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი გორგოძემ გამართეს. აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში გამართულ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, კომპანია აეროპორტის მგზავრებს Kia-ს და Toyota-ს ფირმის ეკოლოგიურად სუფთა, უახლეს ჰიბრიდულ ავტომობილებს, დაზღვეულ მგზავრობასა და ფიქსირებულ ტარიფებს სთავაზობს. შესაძლებელია ავტომობილების ელექტრონულად დაჯავშნაც.
,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენილ მგზავრებს დახვდეთ იმ სერვისების ფართო სპექტრი, რომელიც აეროპორტშია საჭირო და ქვეყანაში მოგზაურობისას მგზავრს ესაჭიროება. Bene Exclusive ქუთაისის აეროპორტში საწყის ეტაპზე, 15 უახლესი ავტომობილით არის წარმოდგენილი და ჩვენს მგზავრებს, მაღალი კლასის ტაქსის მომსახურების სერვისს სთავაზობს. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ მგზავრები არამხოლოდ უსაფრთხოდ ჩამოდიან ჩვენს აეროპორტში, არამედ იმ სერვისს, რომელსაც ამ აეროპორტში მიიღებენ მათთვის გარანტირებულად უსაფრთხო იქნება, - ‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
კომპანია BENE EXCLUSIVE-ის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ტაქსის სერვისი მთლიანად მგზავრის კომფორტზე უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.
ქართული კომპანია BENE EXCLUSIVE მომსახურებას ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს ონლაინ ჯავშნების სახით და ადგილზე, აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში სთავაზობს. ოფიციალური ტაქსით გადაადგილება მგზავრებს აეროპორტიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ფიქსირებულ ფასში (ზედა ზღვრის გათვალისწინებით) შეეძლებათ. ხოლო საქართველოს სხვა მიმართულებით კილომეტრაჟის მიხედვით. რაც ქუთაისის აეროპორტს მგზავრებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის.
დაინტერესებული პირები დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანიას ტელეფონის ნომერზე: 032 052 100 ან ვებგვერდზე www.flytaxi.com BENE EXCLUSIVE საქართველოს ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მის ავტოპარკში 150 ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილია წარმოდგენილი.