სახელმწიფოს მხრიდან უფრო გამკაცრებული უნდა იყოს არსებული რეგულაციების აღსრულება. იქ, სადაც არ ხდება რეგულაციების დაცვა, ალბათ, შემოღებული უნდა იყოს სასჯელები, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 15 % მძიმეა, 5% კრიტიკული.
“ადამიანებმა თვითონ უნდა დაუწესონ საკუთარ თავს გარკვეული რეგულაციები. ქვეყანაში დარჩა რეგულაციები, როცა შეზღუდვები მოიხსნა - პირბადე, დისტანცირება და თავშეყრის ადგილებიდან თავის შეკავება. ეს სამივე რეგულაცია თუ კარგად აღსრულდება ამ შემთხვევაში, ალბათ, შესაძლებელი იქნება ეპიდემიოლოგიური სურათის გარკვეულწილად უკუსვლა, გაუმჯობესება. სახელმწიფოს მხრიდან უფრო გამკაცრებული უნდა იყოს არსებული რეგულაციების აღსრულება. იქ, სადაც არ ხდება რეგულაციების დაცვა, ალბათ, შემოღებული უნდა იყოს სასჯელები. ამ გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანოები მიიღებენ. იმისთვის, რომ ჩვენი შვილები, შვილიშვილები დაცულები იყვნენ, რეგულაციები უნდა შევასრულოთ. აღსრულება არ უნდა გვჭირდებოდეს რეგულაციების შესრულებისთვის. ვაქცინაცია და რეგულაციების შესრულება არის ერთადერთი საშუალება, რომ ამ სიტუაციას დავაღწიოთ თავი. ეს შტამი გაცილებით მძიმედ მიმდინარე შტამია. მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში კი მეტი ლეტალური გამოსავალი დგება. უფრო რთულია პაციენტების მართვა. გარდა ამისა, გავრცელების ასეთი სიხშირე ზრდის პაციენტების რაოდენობას. პაციენტების 80% გახლავთ საშუალო და მსუბუქი, 15% არის მძიმე, 5% კრიტიკული. ლეტალობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ მიბმულია დაავადების რაოდენობის, მათ შორის, მძიმე და კრიტიკული პაციენტების რაოდენობის მატებასთან", - განაცხადა ეზუგბაიამ.