ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ - გვერდზე, დღეს, 10:30 საათის მდგომარეობით, 64 101 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეებს არსებული ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლიათ.
მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 60 868-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.
„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 28565 ადამიანმა გამოთქვა. 12501 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 8115 -ს კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას მისი გაკეთების სურვილი 5502-მა ადამიანმა გამოთქვა, 4139 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 792-ს კი „სინოვაკით“.
როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
„ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის, მოქალაქეებს რეგისტრაციისას მაქსიმუმ სამი ვაქცინის არჩევის უფლება აქვთ.