დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის „ინდური შტამის“ ცირკულაცია ქვეყანაში საერთო ინფიცირების 20%-ს სცდება.
როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამ დროისთვის ლუგარის ლაბორატორიაში ე.წ. „დელტა“ შტამის 79 დადასტურებული შემთხვევაა და ევროპული ქვეყნების მაგალითზე ამ შემთხვევათა რაოდენობა თანდათან გაიზრდება.
„დღეს ქვეყანაში გარდა „ბრიტანული შტამისა“, საკმაო ინტენსივობით ცირკულირებს „დელტა“ შტამი, გასულ კვირაში გვქონდა 27 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, სულ 79 შემთხვევაა ლუგარში დადასტურებული „დელტა შტამის“, მაგრამ გათვლებით „დელტა შტამის“ ცირკულაცია უკვე სცდება 20%-ს ქვეყანაში საერთო ინფიცირების. ეს თანდათან გაიზრდება, ამას წინ ვერ აღვუდგებით, ტენდენცია ასეთია ბევრ ქვეყანაში და განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში, რომ „ბრიტანულ შტამს“ ანაცვლებს „ინდური შტამი“, რომელიც ხასიათდება მეტი გადამდებლობით, განსაკუთრებით ახალგაზრდებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე გაჟღერდა წინადადება, რომ ნებისმიერ თავყრილობაზე დაშვებული იყვნენ მხოლოდ ორჯერ აცრილი, ან ბოლო 72 საათში ტესტირებული ადამიანები. ამასთან, მათი კიდევ ერთი ინიციატივა შეეხება სასწავლო დაწესებულებების - სტუდენტის, მოსწავლეების, პროფესორ-მასწავლებლისა და სკოლის მასწავლებლების შემოდგომამდე ორჯერადად აცრას.
,,თავი უნდა ავარიდოთ ყველანაირ თავყრილობებს და შეკრებებს. ჩვენი წინადადება გუშინ გაჟღერდა საკოორდინაციო საბჭოზე, ნებისმიერი თავყრილობაზე იქნება ეს სემინარი, კონფერენცია, შეხვედრა თუ სხვა, დაშვებული იქნენ მხოლოდ ორჯერ აცრილი ადამიანები ან ბოლო 72 საათში ტესტირებული ადამიანები, ვისაც ექნებათ უარყოფითი პასუხი. ჩვენი წინადადებაა, რომ ამან აუცილებლად უნდა მიიღოს რეგულაციის ფორმა, რათა ყველა ადამიანს მოტივაცია ჰქონდეს, რომ აცრილი იყოს და მეორეს მხრივ, უსაფრთხო იყოს ეს შეკრებები. კიდევ ერთი ჩვენი ინიციატივა, რომელიც აუცილებლად განსახორციელებელია, არის შემოდგომისთვის აცრები ყველა სტუდენტის, მოსწავლის, პროფესორ-მასწავლებლის და სკოლის მასწავლებლის, რომ შემოდგომაზე გვქონდეს უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო სკოლები და უნივერსიტეტები“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.