რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირიც თანდათან ერწყმის ნატო-ს, ექცევა ნატო-ს ქვეშ და ეს, თავის მხრივ, უფრო და უფრო ხმამაღლა მეტყველებს მის გლობალურ ამბიციებზე.
ლავროვი ამბობს, რომ დასავლეთში არსებობს მოსაზრება, რომ გლობალური ეკონომიკის მართვა უნდა გადავიდეს „დიდი შვიდეულის“ ხელში. ამასთან, დღეს აშშ-ის თავდასხმის ქვეშ იმყოფება ყველა, ვინც მზად არის, გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა.
მისივე თქმით, არავინ არის დაზღვეული ექსპროპრიაციისგან, სახელმწიფო მეკობრეობისგან, ამიტომ არა მარტო რუსეთი, არამედ მრავალი სხვა ქვეყანა ამცირებს დამოკიდებულებას აშშ დოლარზე, დასავლურ ტექნოლოგიებსა და ბაზრებზე.
„კოლექტიურმა დასავლეთმა გამოგვიცხადა ტოტალური ჰიბრიდული ომი და რთულად პროგნოზირებადია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, მაგრამ ცხადია, რომ ამის შედეგებს ყველა იგრძნობს გამონაკლისების გარეშე. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თავიდან აგვერიდებინა პირდაპირი შეტაკება, მაგრამ რა თქმა უნდა, ნასროლ გამოწვევას ვიღებთ. სანქციები პრაქტიკულად ყოველთვის იყო. დასავლელმა პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ, რომ ჩვენი ქვეყნის იზოლირების გეგმები განწირულია. ბევრი ექსპერტი ამას უკვე აღიარებს, მართალია არა ღიად, რადგან ღიად ამის თქმა არაპოლიტკორექტულია“, – თქვა ლავროვმა.