როგორც პრემიერმა აღნიშნა, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი.
ასეთი სპეკულაციები სამარცხვინოა, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, უქმნიდა თუ არა უხერხულობას ირანის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ყოფნა, რომელმაც ფიცი შეძახილების, „სიკვდილი ამერიკასა და ისრაელს“, ფონზე დადო.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი.
„მე ვესწრებოდი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ირანი არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო რეგიონში. სწორედ ამის გათვალისწინებით, ამ ინაუგურაციას ესწრებოდა რეგიონის უკლებლივ ყველა სახელმწიფო. ამ ინაუგურაციას ესწრებოდა ჯოზეფ ბორელის პირადი წარმომადგენელი, გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი, ანუ, წარმომადგენლობითი იყო იქ შემადგენლობა.
რაც შეეხება თვითონ რეგიონს, რეგიონი უმაღლეს დონეზე იყო წარმოდგენილი. იქ იყვნენ, მათ შორის აზერბაიჯანის, სომხეთის პრემიერი-მინისტრი. რეგიონი თავიდან ბოლომდე იყო წარმოდგენილი“,-განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, უქმნის თუ არა ეს უხერხულობას, კობახიძემ ჟურნალისტს მიმართა: „თქვენც ხომ ხვდებით, რომ ეს მარტივი სპეკულაციაა“.
„იმდენად სამარცხვინო სპეკულაციაა, რომ არ ვიცი რა გიპასუხოთ. რაც შეხება ამ თემას როგორც მითხრეს, პირადად ლომჯარიას ჰქონია დავალებული ამ თემის „აწევა“, თუმცა, მაინც და მაინც დიდი წარმატება არ აქვს. ლომჯარიას პატრონებმა დაავალეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ლომჯარიები არიან მაგალითად სომხეთშიც, მაგრამ სომეხ ლომჯარიებს ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ. რატომ? იმიტომ, რომ ლომჯარიებს არ დაავალეს იგივე თემა, რაც ქართველ ლომჯარიებს დაავალეს. ასეთი სპეკულაციები სამარცხვინოა“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, Reuters-ის ცნობით, ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე შეძახილები „სიკვდილი ამერიკას“ და „სიკვდილი ისრაელს“ ისმოდა.