
მედია არის პოლარიზაციის მთავარი წყარო და ეს აღიარებული პრობლემაა, რომელიც დაფიქსირებულია ეუთო/ოდირის დასკვნებშიც. ამას სჭირდება რეგულირება - ოპოზიციასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები და თვითონ ოპოზიცია უპირისპირდება ამას, რადგან მათ აწყობთ სიცრუისა და ტყუილის ტირაჟირება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ინიცირებულ „მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოების ინტერესია, რომ მედია სიცრუისგან და სიძულვილისგან დაცლილი იყოს და მოვლენებთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაცია მიიღოს, აქედან გამომდინარე, კი მიიჩნევს, რომ პირები, რომლებიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს უპირისპირდებიან მედიის მიერ გავრცელებული სიძულვილი და სიცრუე მოსწონთ.
„ზოგადად, მედიაში სერიოზული პრობლემაა, მედია არის პოლარიზაციის მთავარი წყარო და ეს აღიარებული პრობლემაა, რომელიც დაფიქსირებულია ეუთო/ოდირის დასკვნებშიც. ამას სჭირდება რეგულირება, თუმცა ხედავთ, რომ ოპოზიციასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები და თვითონ ოპოზიცია უპირისპირდება ამას, რატომ? - რადგან მათ აწყობთ სიცრუისა და ტყუილის ტირაჟირება, რაც შესაბამისი მედიასაშუალებების მხრიდან ხდება. ეს არ შეესატყვისება ქართული საზოგადოების ინტერესებს. საზოგადოების ინტერესშია, რომ მან მოვლენებთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაცია მიიღოს. ასევე საზოგადოების ინტერესია, სიძულვილისგან და სიცრუისგან დაცლილი მედია. აქედან გამომდინარე, ვინც ამ კანონპროექტს უპირისპირდება, მას მოსწონს სიძულვილი და სიცრუე, ეს კი ჩვენთვის მიუღებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც დადგინდება მედიის ობიექტურობა და ჟურნალისტური სტანდარტები. ამავე კანონის მიხედვით, ქართულ მედიასაშუალებებს უცხოურ დაფინანსებაზე წვდომა შეეზღუდებათ.