golden brand
ავერსი ნემო

მთლიანად ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა - ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტაჯიკეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველო შავ ზღვასთან 7 ქვეყანას აკავშირებს და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება მნიშვნელოვანია.

„ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია ტაჯიკეთთან ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე იცით, რომ ცოტა ხნის წინ გვქონდა ვიზიტი ყირგიზეთში, მალე გვექნება ვიზიტი ყაზახეთში, ივლისის თვეში საქართველოში ჩამოდიან უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები, შესაბამისად, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა ურთიერთობებში და ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას. იცით, რომ დიდი ინვესტიციები იდება ამ ყველაფერში დაკავშირებადების, სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში, ამასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ურთიერთობების განვითარებას როგორც მეზობელ ქვეყნებთან, იცით, რომ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, ასევე მაქსიმალურად ვავითარებთ ურთიერთობებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. ამ პროცესების საფუძველზე საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ტაჯიკეთში 11 სხვადასხვა შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან პოლიტიკური თანამშრომლობის შენარჩუნება მოხდეს, ასევე „არსებობს, პერსპექტივა, რომ ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა განვითარდეს“.

„სრულდება ჩვენი ვიზიტი ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. ეს არის მთელი ისტორიის მანძილზე პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი საქართველოდან ტაჯიკეთში, შესაბამისად, ამ ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. მთელი ამ ისტორიის მანძილზე სულ 3 შეთანხმება იყო ხელმოწერილი ორ ქვეყანას შორის. გუშინ ხელი მოვაწერეთ 11 სხვადასხვა შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მყარი პოლიტიკური თანამშრომლობის შენარჩუნება ტაჯიკეთის რესპუბლიკასთან და ასევე, არის პერსპექტივა იმისათვის, რომ განვითარდეს ჩვენი ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა, ასევე თანამშრომლობა განათლების, კულტურის სფეროში. ამ ყველაფერს ეხება ის შეთანხმებები, რომლებსაც მოვაწერეთ ხელი. გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ტაჯიკეთის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან. მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და ჩვენს თითოეულ კოლეგას გულთბილი მასპინძლობისთვის",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

77